
"გვინდა, კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ chiti.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ის მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას."– ამ ტექსტით ეხმიანება Georgian Dream Studio–ს პრესსამსახური იუმორისტული პროექტის chiti.ge–ს ხუმრობას იმის შესახებ, რომ ბერამ გიორგი მარგველაშვილს შეურაცხმყოფელი სიმღერა მიუძღვნა.
"გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ინტერნეტპორტალის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს მომღერალმა ბერა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ახალი სიმღერა მიუძღვნა, სადაც მომღერალი გიორგი მარგველაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
გვინდა, კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ chiti.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ის მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნუ აყვებიან გარკვეული ჯგუფის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და ვთხოვთ, მსგავსი სახის მასალა გავრცელებამდე გადაამოწმონ პრესსამსახურში”, - ნათქვამია “Georgian Dream Studio”-ს განცხადებაში.
chiti.ge იუმორისტული პროექტია და მის ვებგვერდზე, პროექტის აღწერაში მითითებულია:
"მასალების კოპირების ან ინტერპრეტირებისას წყაროს მითითება და საღი აზრი სავალდებულოა.
პროექტი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას სატირულ-იუმორისტული მიზნებისთვის, მისი ჯგუფი არ აგებს პასუხს იმ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს მავანთა მიერ ამ ფაქტის არცოდნას.
მასალებში გამოყენებული ყველა სახელი და გვარი, გარდა საჯარო პირთა სახელებისა, გამოგონილია და ნებისმიერი დამთხვევა რეალურთან – შემთხვევითობაა.
chiti.ge–მ გაავრცელა ხუმრობა, რომლის მიხედვით, "ბიძინა ივანიშვილსა და ქართული ოცნების დეპუტატებს პრეზიდენტ მარგველაშვილის კრიტიკაში რეპერი ბერაც აჰყვა. ახალგაზრდა მომღერალმა დღეს დილას ახალი ტრეკი გამოუშვა, რომელიც რეპის საუკეთესო ტრადიციებშია ჩაწერილი და ე.წ. “Diss”-ის ანუ შეურაცხმყოფელი ტექსტის შემცველია", ხოლო შემდეგ მოიყვანა სიმღერის ტექსტი, რომელიც, ცხადია, ბერას არ ეკუთვნის.
chiti.ge–ს მიმდინარე მოვლენებზე რეაქციის ფარგლებში მსგავსი ხასიათის დეზინფორმაციული ხუმრობა არაერთხელ, მათ შორის, წინა ხელისუფლების დროსაც გაუვრცელებია, თუმცა მის ხუმრობას სერიოზული განცხადებით არცერთი სახელმწიფო დაწესებულება ან კერძო ორგანიზაცია არ გამოხმაურებია.