-
2014-03-19 15:00
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საგანგებო ბრიფინგს მართავს.
პრეზიდენტმა ბრიფინგი ყირიმში არსებული მდგომარეობის შეფასებით დაიწყო:
„ჩვენ ვართ უკიდურესად შეშფოთებული იმასთან დაკავშირებით რაც გუშინ მოხდა, ის მოვლენები რაც გუშინ განვითარდა უკრაინაში საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონს და კაცობრიობას. ბირთვულ განიარაღებას, რომელსაც ჰქონდა გარკვეული ტენდენცია, ამ ტენდენციას საფრთხე ექმნება.
მსოფლიო რუკა იცვლებოდა, რა თქმა უნდა, არსებობდა კონფლიქტები მაგრამ არ ხდებოდა ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ტერიტორიების მიერთება. ჩვენ მოვუწოებთ საერთაშორისო თანამეგობრობას პრინციპულად შეაფასოს არსებული ვითარება, ჩვენ ვრჩებით იმ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით, რომლებსაც მიაჩნიათ რომ კონფლიქტები წყდება დიპლომატიური მოლაპარაკებებით“.
„ჩვენი საგარეო პოლიტიკა მუდმივად იყო რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ის, რომ კონფლიქტები დიპლომატიური გზებით უნდა გადაწყდეს, ჩვენ ვართ ქვეყანა რომელმაც რუსეთის სუსხიანი ხელი საკუთარ თავზე იწვნია, 2008 წლის პრობლემას უფრო მეტი ყურადღება რომ დათმობოდა, შესაძლოა არ მიჩნეულიყო ასეთი ტიპის საგარეო პოლიტიკა, რაც რუსეთმა უკრაინასთან მიმართებაში გაატარა, წარმატებულად.
ალბათ, მეტი უნდა ყოფილიყო გაკეთებული მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და მათ შორის ჩვენი მხრიდანაც. ჩვენ ვცდილობთ, რომ დავამყაროთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად რაციონალური და მშვიდი დიალოგი“.
ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამებზე
"მე მინდა გითხრათ, რომ ბიძინას კომენტარები მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვაფასებ ბიძინას, მაღალი შეფასება მაქვს მისი. მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება, რომ ხდება ჩემი კრიტიკა, მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის.
ამასთან ერთად, ბიძინამ ისაუბრა იმის თაობაზე, რომ იყო თემები რომლებზეც ვერ მოხდა ბოლომდე შეთანხმება იყო ინტენსიური მსჯელობა, მაგრამ ის რასაც განვიხილავდით, ამის საჯაროდ გამოტანას არ ვაპირებ, ერთი მიზეზით: ეს არის ჩემსა და ბიძინას შორის ურთიერთობა და არა მედიის მეშვეობით ურთიერთობა ჩემსა და ბიძინასთან."
„ურთიერთობები, რომლებიც არის ვანოსა და ბიძინას შორის, ამ საკითხებზე ეს ორი ადამიანი ღიად საუბრობს და აქედან შეგიძლიათ იმსჯელოთ, ეს იყო თემა, რომლის თაობაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ის, რაც მე და ბიძინას გვისაუბრია, იმის განხილვას მე ღიად და საჯაროდ არ ვაპირებ.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რაც გვისაუბრია მე და ბიძინას, ძალიან ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა დიდი ხნის განმავლობაში, მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამის გამოტანას მედიასთან არ ვაპირებ და ამის სრული უფლება მაქვს".
ავლაბრის რეზიდენციაზე
რაც შეეხება რეზიდენციაში გადმოსვლას, იმ პირობებში, რომელშიც დავიწყე მუშაობა, გარკვეული კორექტივები შევიდა. ჩემი სურვილი იყო, რომ თავდაპირველად აქ ყოფილიყო უნივერსიტეტი, რაც ვერ მოხერხდა, ორი ოთახის ფარგლებში მიჭირდა მუშაობა და შესაბამისად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ამ საკითხზე ჩვენი დისკუსია ბიძინასთან ჩვენი ურთიერთობის ნაწილად რჩება და ამის განხილვას არ ვაპირებ.“
ვეტოს შესახებ
"ვეტო არის საქმე უკვე გარდასულ დღეთა, მე არ დავადე იმ კანონს ვეტო, ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გაგიმეორებთ, რომ არ ვაპირებ ბიძინასთან პირადი საუბრების საჯაროდ გამოტანას".
მთავრობასთან და პრემიერმინისტრთან ურთიერთობაზე
ახალი ხელისუფლების ცენტრში დადგა ადამიანი, ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს ის ძირითადი ღირებულებებია, რომელსაც ვიზიარებ და ერთად ვმოქმედებთ, არ მომისმენია მათი კომენტარები რომ საგარეო ან საშინაო მიმართულებით სხვა განცხადება გამეკეთებინა.
საკონსტიტუციო კომიასიამ დაიწყო მუშაობა ახლა რამდნიმე კვირის წინ , ხელმძღვანელობს დათო უსუფაშვილი,რომელსაც ძალიან დიდი კომპეტენცია გააჩნია,საკონსტიტუციო კომისიაში ჩართულია ჩემი საპარლამენტო მდივანი და არ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს მუშაობა შეჩერებულია. რომ ჩავღრმავდეთ კონსტიტუციაში, არ არის ასეთი შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტს რაიმე უფლებამოსილება გააჩნდეს პრემიერმინისტრზე, თუ კონკრეტული ვითარება არ შეიქმნა...
მაქვს მთავრობასთან ძალიან ნორმალური სამუშაო ურთიერთობა. ვეტო არის ამბავი გარდასულ დღეთა არ დავადე ვეტო იმ კანონს, და მინდა რომ ეს დარჩეს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აღარ ვისაუბრებ ამ დეტალებზე."