-
2014-03-16 12:36
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ჯონ მაკკეინმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შორის პარალელი გაავლო და სააკაშვილის გადაწყვეტილებას ცეცხლის გახსნის შესახებ "უალტერნატივო" უწოდა:
“პარალელი იმაში მდგომარეობს, რომ ვლადიმერ პუტინი ორ ქვეყანაში შეიჭრა, ორ ქვეყანაში, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოები არიან და ამით დაარღვია საერთაშორისო სამართალი.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც გაფორმდა, დაირღვა და ახლაც ირღვევა ვლადიმერ პუტინის მიერ. რუსეთი დაესხა თავს საქართველოს და ქართველმა ხალხმა უპასუხა ამ თავდასხმას, მისი სამხედროების და ლიდერების მეთაურობით, პრეზიდენტ სააკაშვილის ჩათვლით.
ეს იყო პასუხი თავდასხმაზე, მათ უბრალოდ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. ზოგი ამბობს, რომ ეს შეცდომა იყო, მე ვერ ვუწოდებ შეცდომას საკუთარი ქვეყნის დაცვას. პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწორედ საკუთარი ქვეყანა დაიცვა.
ის რომ ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერას დალოდებოდა, ვფიქრობ, ძალიან დიდხანს მოუწევდა მოცდა, ამიტომ ეს უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო.
ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი აბსურდული განცხადებაა, თუმცა, ტიპიური პუტინისთვის.
ეს იყო თავდასხმაზე პასუხი, რაც ქვეყნის ყველა ლიდერისა და სამხედრო პირის ვალდებულებაა. ეს არ იყო შეცდომა და ყველა პასუხისმგებლობიანი მთავრობა ასე მოიქცეოდა. როდესაც რუსული ტანკები ქვეყანაში მოძრაობდნენ, სხვა არჩევანი არ არსებობდა.“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.