-
2014-03-15 14:20
რუსეთის მიერ დაპირებული მასობრივი არეულობის ფონზე ქალაქ ლუგანსკის ცენტრში გადაიღეს სნაიპერი, რომელსაც ხელში სნაიპერული შაშხანის გადასატანი სპეციალური კეისი ეჭირა.
რამდენიმე უკრაინული გამოცემა, რომელმაც ეს ვიდეო და ინფორმაცია გაავრცელა, სპეციალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ კეისი სნაიპერული შაშხანა Remington R11 RSASS–ისაა.
ვარაუდობენ, რომ სნაიპერი ლუგანსკში მარტო არ ჩასულა და ჩასულთა მიზანი პროვოკაციის გამოწვევაა, რომელიც ადამიანის გარდაცვალებით უნდა დასრულდეს. ამ ვარაუდს იმით ამყარებენ, რომ გუშინ ხარკოვში, სადაც უცნობი პირი ისროდა, ორი ადამიანი მოკლეს, ხუთი კი დაჭრეს.
15 მარტს ლუგანსკის ცენტრში რუსეთის მხარდამჭერთა და კრემლის პოლიტიკის მომხრეთა მიტინგია დაგეგმილი. არ გამორიცხავენ, რომ სნაიპერის მიზანია, სწორედ ამ მიტინგის დროს გახსნას ცეცხლი, რათა შეიქმნას იმიტაცია, რომ ლუგანსკში რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილ ადამიანებს კლავენ, რაც ხელ–ფეხს გაუხსნის რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულზე და მთელ უკრაინაში ჯარის შემოსაყვანად.
მაიდნის აქტივისტები და ბლოგერები ლუგანსკის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ევროინტეგრაციის მომხრეა და კრემლის პოლიტიკას უკრაინის მიმართ ეწინააღმდეგება, მოუწოდებენ, არ გავიდნენ სახლიდან 15 და 16 მარტს. ეს მიმართვა ინტერნეტ ტვ „გოლოს ნაროდა“–ს ეთერშიც რამდენჯერმე გავრცელდა. ტვ–მ ვიდეო ეთერში გაუშვა და სპეცსამსახურებს მიმართა თხოვნით, არ დაუშვან სისხლისღვრა ლუგანსკში.