-
2014-03-14 22:25
„დიახ, ვაპირებ ნიუ-იორკში და საქართველოში სარჩელის შეტანას, ჩემი სახელის შელახვის გამო“, - ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილის ბიძამ თემურ ალასანიამ „პოზიციის“ წამყვანის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა სარჩელის შეტანას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
ალასანიამ აღნიშნა, რომ მასმედიის ცალკეულ საშუალებებში მიდის გამიზნული კამპანია მისი პატივისა და ღირსების შელახვისთვის:
„მაგრამ უკვე სამწუხაროა, როცა ასეთ კამპანიაში ჩართულია პრემიერი. მას ან უნდა მოსთხოვო, დაასაბუთოს განცხადება ან უნდა მიაკუთვნო იმ კატეგორიას ნახევრადჩამოყალიბებულ თუ ინფანტილურ პიროვნებათა ჯგუფისა, რომელთა ბრალდებებს, შეიძლება, არც უპასუხო.
პრემიერმინისტრის ანუ სახელმწიფოს პირველი პირის ჩარევას კი ხარისხობრივად სხვა სიბრტყეში გადაჰყავს მთელი ეს ბრალდებები და ცილისწამება. ის რაც დასაშვებია პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის მოუზომელი, უზრდელური გამოთქმებიც კი, ეს რეგულირდება იმ ზონის ველით, სადაც ეს მიმდინარეობს.
როდესაც ასეთ გამოთქმებს იყენებენ კერძო პირის მიმართ, უკვე სხვა სიტუაციაა. მე ვარ კერძო პირი, არ მიმიღია მონაწილეობა არცერთი მთავრობის გადაწყვეტილებაში, არ ვყოფილვარ არცერთ თანამდებობაზე.
არასდროს არ მიმიცია რჩევები პრეზიდენტისთვის და, მართალი გითხრათ, მას არც არასდროს უკითხავს ჩემთვის რჩევა.
მე ვარ აბსოლუტურად კერძო პირი, რომელსაც არავითარი შეხება მთავრობის საქმიანობასთან არ ჰქონია, პრეზიდენტის საგანმანათლებლო პროგრამის გარდა - მხარს ვუჭერდი და ახლაც მის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ვეხმარებით მე და ჩემი მეგობრები“, - განაცხადა თემურ ალასანიამ.
თემურ ალასანიამ დააზუსტა საკუთარი თანამდებობა საგარეო საქმეთა სამინისტროში და განაცხადა, რომ ის იყო გაეროში საქართველოს მისიის მრჩეველი. მანვე დააზუსტა, რომ ის არ ერეოდა საქართველოს პოლიტიკურ საქმიანობაში, თორემ ზოგადად, არაფერი უკეთებია პოლიტიკური შინაარსის საქმიანობის გარდა.
თემურ ალასანიას თქმით, მას მხოლოდ პრემიერმინისტრის მიმართ არა აქვს პრეტენზია: „ჩემი სარჩელი არ მოიცავს მხოლოდ პრეტენზიას პრემიერმინისტრის მიმართ. თუკი მე მისგან მხოლოდ საჯაროდ ბოდიშის მოხდას ვითხოვ, სხვა პიროვნებების მიმართ სარჩელი უფრო მოცულობითი იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ბიძამ.