
2015 წლის 13ივნისის ღამეს,ვერეს ხეობის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საუბედუროდ ორი ახალგაზრდა - ბექა ბუთურიშვილი და სერგი კაპანაძე ახლაც კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან
და მათ ოჯახებს შვილების საფლავებიც კი არ აქვთ.
13 ივნისის ღამეს იხსენებს ვერეს ხეობის სტიქიის შედეგად ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგული ბექა ბუთურიშვილის ძმა, ლაშა:
- „მძიმეა გაუძლო ამ ტკივილს. ენით აუღწერელია და ვერ გადმოგცემთ სიტყვებით ჩვენთვის როგორ გაიარა ამ დრომ. ისევ მოლოდინში ხარ, მაინც არ კარგავ იმედს, მაინც ებღაუჭები რაღაცას. მაინც სადღაც სულ ეძებ. არ ვიცი რა შეიძლება ამ მდგომარეობას დავარქვა. მწარე რეალობაა, ბექა აღარ გვყავს... უნახავი და შეუმოწმებელი არაფერი დარჩენილა, მაგრამ კიდევ იმას ვფიქრობ, სადმე რამე ხომ არ გამომრჩა, მაგრამ ბოლოს მაინც მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ არა, ყველაფერი ვცადეთ. მტკვარში წყლის დონე 5-ჯერ დავწიეთ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ... იმასთან შეგუება ძნელია, რომ ბექა არ არის. მისი საფლავიც არ გვაქვს. ძნელია როცა საფლავზეც ვერ მიდიხარ გულის მოსაოხებლად.
წელიწადნახევარი იყო ჩვენ შორის სხვაობა, საოცარი ძმობა გვქონდა. სულ ერთად ვიყავით, საერთო სამეგობრო გვყავდა. ბექა რკინიგზის ხაზით ერთ-ერთ კერძო საექსპედიტორო, ტვირთების გადამზიდავ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა. მშვიდი იყო, ცოლ-შვილი არ ჰყოლია.
კახეთში მივდიოდი დასასვენებლად. წინა დღეს, 12-ში მანქანაში ბარგი ჩავალაგე, არ დაგვეტია. ბექას ვუთხარი, მოდი, შენც წამოდი შენი მანქანით-მეთქი. დამეთანხმა, ჩავალაგეთ მის მანქანაშიც ნივთები, წასასვლელად გამზადებულები ვიყავით, როდესაც ჩვენმა მეგობარმა დაგვირეკა, რადგან მისთვსაც ნათქვამი მქონდა - ბარგი არ მეტევა -მეთქი... მითხრა, ახლა ვბრუნდები კახეთში, რაზე უნდა აწვალო ბექა, მე წავიღებ იმ ბარგსო... მოვიდა და ბექას მანქანაში ჩალაგებული ნივთები იქ გადავიტანეთ, ეს იყო ალბათ ბედისწერა, თორემ ისიც ჩვენს გვერდით იქნებოდა კახეთში.
ბექას მანქანა მოვლენების ეპიცენტრშია ნაპოვნი. დედას 23 საათზე ესაუბრა, უთხრა, - მოვალო. მერე მოჰყვა იმ უბედურებაში. ბოლო კონტაქტი მეგობართან ჰქონდა. 00 საათსადა 28 წუთზე მეგობარს უთხრა, რომ ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე იყოდა 15 წუთში მასთან იქნებოდა. სოლოლაკში ვცხოვრობთ ჩვენც დაბექას მეგობარიც. მეორედ მეგობარმა 00:42 წუთზე დარეკა, თუმცა მისიტელეფონი უკვე გათიშული იყო...
ბექას მანქანა მე ვიპოვე, 15 ივნისს, დილის 6-ის ნახევარზე. დილაუთენია ოჯახის წევრები, 4 მამაკაცი იმ ტერიტორიაზე გაგიჟებულები დავდიოდით. უშუალოდ მდინარე ვერეს კალაპოტში წავაწყდი მანქანას, სხეულში სისხლი გამეყინა, დაჩეჩქვილი იყო მანქანა... გვეგონა მანქანაში იქნებოდა, შიგნით არ აღმოჩნდა. ამ გზებზე პერიოდულად ისევ დავდივარ, ვუყურებ ტერიტორიებს, ეს საშინელებაა."-ამბობს ლაშა
წყარო:"კვირის პალიტრა"