-
2013-06-28 12:11
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და ქუთაისიდან თბილისში სრული შემადგენლობით გადმოდის.
ამის შესახებ პარტიაში მიღებული გადაწყვეტილება დღეს ნაცმოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა გაახმიანა.
„ასეთი პოლიტიკური შეტევის პირობებში, ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება და გადავდივართ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში“ - აღნიშნა ბეჟაშვილმა საგანგებო განცხადებაში.
,,საზოგადოებას მოეხსენება, რომ მთავრობის მხრიდან მიმდინარეობს საპარლამენტო ოპოზიციაზე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ უპრეცედენტო შეტევა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ გუშინ დილიდან, საკრებულოს წევრების, პარტიის თბილისი ხელმძღვანელების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ ხორციელდბა უკანონო დაკავებები. ამის შემდეგ ისინი იქნენ გამოშვებული, თუმცა ასევე კანონის დარღვევით, გვინ ღამით, ისევ მოხდა მათი დაკავება.
ასეთი პოლიტიკური შეტევის პირობებში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო მუშაობასა და საკანონმდებლო მოღვაწეობაში, ისეთი კანონების მიღებაში, როგორიცაა სერიალების გაუქმება და ა.შ. მაშინ როცა პრაქტიკულად მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის განადგურების პროცესი და ეს იღებს პერმანენტულ ხასიათს.
ამიტომ, ჩვენ გადავდივართ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში, სპარლამენტო ფრაქცია მთელი შემადგენლობით ტოვებს სხდომას და გადავდივართ თბილისში, რათა თბილისში გავაგრძელოთ პარტიისა და კანონიერებისთვის ბრძოლა", - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა.