
მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად სამედიცინო ღონისძიებებს ჩვენ მხარს დავუჭერთ, მაგრამ მხარს ვერ დავუჭერთ არსებულ პირობებში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ეკონომიკური სრულფასოვანი გეგმის გარეშე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა თავს ვერ ართმევს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა სამედიცინო ღონისძიებას, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელია, მაგრამ განვლილმა ერთმა თვემ გამოაჩინა, რომ მთავრობა არ არის მზად საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვებისთვის. არ გაცემულა სახელფასო კომპენსაციები უხელფასოდ დარჩენილებისთვის. არ გაცემულა დახმარება თვითდასაქმებულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში იხდის გადასახადებს. არ გამოსწორებულა ის პრობლემაც კი, რომელიც შეიქმნა ფირმების მუშაობასა და ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით. ამიტომ, მკაფიოდ ჩანს, რომ მთავრობა თავს ვერ ართმევს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებს და ასეთ პირობებში ეკონომიკური ყოვლისმომცველი გეგმისა და ნაბიჯების გარეშე საგაგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება იქნება უზარმაზარი პრობლემების მომტანი ასეულობით ათასი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ჩვენ მხარს დავუჭერთ სამედიცინო ღონისძიებებს მოსახლეობის ჯანრმთელობის დასაცავად, მაგრამ მხარს ვერ დავუჭერთ არსებულ პირობებში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ეკონომიკური სრულფასოვანი გეგმის გარეშე," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.