
პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ საეკლესიო დღესასწაულების ჩატარებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კანონი და მისი აღსრულება თანაბრად უნდა ეხებოდეს ყველას .
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „თუ კანონი თანაბრად არ გავრცელდება ყველაზე, მაშინ საგანგებო ვითარებაში შემოღებული დამატებითი შეზღუდვები ვერ შეასრულებს თავის მიზანს საერთო საფრთხესთან ბრძოლაში და გადაიქცევა ფუჭ და უსამართლო ტვირთად მოქალაქეთა კანონმორჩილი ნაწილისთვის”.
„მსოფლიო პანდემიის მიერ გამოწვეული საფრთხეების გამო, მიმდინარე წლის 21 მარტს, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საფრთხის რეალურობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ჩათვალა, რომ კონკრეტული შეზღუდვების დაცვა მხოლოდ ადამიანებისა თუ ინსტიტუციების პირად გადაწყვეტილებებსა და პასუხისმგებლობაზე არ უნდა ყოფილიყო დამყარებული; ამ მიზნით, სახელმწიფოს მეთაურმა გამოსცა კანონის ძალის მქონე დეკრეტი, რომელიც დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა; დეკრეტის საფუძველზე, მთავრობამ შემოიღო მთელი რიგი შეზღუდვები როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, ასევე ეკონომიკური საქმიანობის და სხვა სფეროების მიმართულებით.
სამწუხაროდ, საზოგადოებაში გაურკვევლობის და კამათის საგანი გახდა სახელმწიფოს მიერ კანონით დაწესებული შეზღუდვების გავრცელების საკითხი რელიგიური მიზნებით საზოგადოებრივ თავშეყრებთან დაკავშირებით. პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ მიიჩნევს, კანონი და მისი აღსრულება თანაბრად უნდა ეხებოდეს ყველას. როგორც საეკლესიო ცხოვრების წესებსა და კანონებს ადგენს ეკლესია და მათ დადგენასა და აღსრულებაში ვერ ჩაერევა და არც უნდა ჩაერიოს სახელმწიფო, საერო კანონმდებლობის დადგენა და აღსრულება არის მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების უფლება და პასუხისმგებლობა. სწორედ სახელმწიფოა პასუხისმგებელი უზრუნველყოს მის მიერ დადგენილი კანონების ეფექტური აღსრულება. თუ კანონი თანაბრად არ გავრცელდება ყველაზე, მაშინ საგანგებო ვითარებაში შემოღებული დამატებითი შეზღუდვები ვერ შეასრულებს თავის მიზანს საერთო საფრთხესთან ბრძოლაში და გადაიქცევა ფუჭ და უსამართლო ტვირთად მოქალაქეთა კანონმორჩილი ნაწილისთვის. კანონისადმი ასეთი მიდგომა, მითუფრო საერთო ეროვნული საფრთხის პირობებში, შეარყევს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისედაც მყიფე საფუძვლებს.
დღეს სოციალურ დისტანცირებას, თვითიზოლირებას, ჯანდაცვის სფეროსთვის დიდი პანდემიური დაწოლის თავიდან აცილებას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რათა დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი, ხანდაზმული ადამიანები, ვისი სიცოცხლეც შესაძლოა სწორედ ჩვენს გამო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.