-
2014-02-11 10:56
ქართულ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას 19 წლის ნანიკო ხაჩიურის შესახებ, რომელმაც მომხმარებლების არნახული აქტიურობა გამოიწვია, მოსკოვში მცხოვრები ზუგდიდელი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია გამოეხმაურა.
მიხეილ ხუბუტიამ, რომელიც იმავდროულად, „რუსეთში ქართველტა კავშირის“ პრეზიდენტია, ნანიკო ხაჩიურის მკურნალობის დაფინანსების სურვილი გამოთქვა და ამის შესახებ ერთერთი ჯგუფის ადმინს „ფეისბუქზე“, პირადი შეტყობინება გაუგზავნა, მან კი შეტყობინება გამოაქვეყნა.
„ანგარიში გამომიგზავნე, შვილო! ანალიზებს თუ გამომიგზავნით, მთელი მოსკოვის ექიმებს ფეხზე დავაყენებ! მომწერე, შვილო, ანგარიშის ნომერი, მე გადმოგირიცხავ, რამდენსაც შევძლებ! თუ ანალიზებს გამომიგზავნი, თუ გინდა, მოსკოვში გიმკურნალებ!“, – წერს მიხეილ ხუბუტია.
შეგახსენებთ, რომ ნანიკო ხაჩიურის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა.
ფრაგმენტი გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული სტატიიდან, სადაც ნანიკო ხაჩიურის მამა იმაზე საუბრობს, როგორ შეიტყვეს, რომ ნანიკო მძიმედ დაავადდა:
„- სამი კვირის წინ სრულიად ჯანმრთელი იყო... მერე სტომატიტი დაემართა. ამაზე ერთი კვირა ვუმკურნალეთ და მკურნალობას რომ არანაირი შედეგი აღარ ჰქონდა, ექიმმა გვითხრა, - მოდი, სისხლის ანალიზი გავაკეთოთო. მერე, პასუხები არ მოგვეწონაო და თოდუას კლინიკაში გაგვგზავნა. ჩემი ცოლი მივიდა პასუხების გასაგებად.
ექიმმა პასუხი არ გამოუტანა, - შენი მეუღლეც მოვიდეს და ორივე ერთად შემოდითო. რომ შევედით, კვდებოდა კაცი, - თავი არ აუწევია, ისე გვითხრა: თქვენს შვილს ლეიკემიის უმძიმესი ფორმა აქვს, თუ თურქეთში ან გერმანიაში არ წაიყვანეთ და ძვლის ტვინი არ გადაუნერგეთ, მოკვდებაო. მერე აღარ მახსოვს, რა ვილაპარაკეთ...
არა, ის მახსოვს, ვკითხე, მაგას რამდენი სჭირდება-მეთქი? და თავზარდამცემი რიცხვი გვითხრა, გერმანიაში ალბათ 200 ათას ევრომდე დასჭირდება, თურქეთში კი - 150000 დოლარამდეო. ამის შემდეგ იქედან რომ გამოვედი, მარტო ის გავიფიქრე, ჩემი შვილი უკვე მკვდარია, ამდენ ფულს მე ვერასოდეს ვიშოვი-მეთქი.
მართლა საიდან ვიშოვი ამ ფულს, - თუ დონორად რომელიმე გამოვდექით, ან მე ან ჩემი ცოლი, მაშინ გადანერგვაში 120000 დოლარი მაინც უნდა გადავიხადოთ თუ არადა 150000 დოლარი უნდა ვიშოვით. ეს შეუძლებელია...“
ამ გოგონას გადასარჩენად, შესაძლოა, ჩვენი ერთი ზარიც კი საკმარისი იყოს, ამიტომ, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, ნუ გადადებთ, დარეკეთ ახლავე, ზარის ღირებულება 1 ლარია: ტელეფონი: 0901700091.
ნანიკო ხაჩიურის მამის, ბიჭიკო ხაჩიურის საკონტაქტო ნომერია 555 57 57 78.