-
2014-03-05 20:00
სენაკის რაინული პროკურატურის პროკურორს გიორგი კვარცხალაიას ნარკოლოგიური შემოწმების დროს ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა. ამის შესახებ ექსკლუზიურად „აფხაზეთის ხმას“ კონფიდენციალურმა წყარომ შეატყობინა. შემოწმების შედეგების თანახმად, ის, სავარაუდოდ, მეტადონის ჯგუფის ნარკოტიკს მოიხმარდა.
წყაროს ცნობით, პროკურორი გიორგი კვარცხალაია, როგორც ნარკოტიკის მოხმარებაში ეჭვმიტანილი, მოულოდნელად შეამოწმეს. შემოწმება გუშინ მოხდა და ის ნარკოლოგიურ ტესტირებაზე სამსახურიდანვე წაიყვანეს, ხოლო მოხმარებაზე დადებითი პასუხის შემდეგ სენაკში გენინსპექციის წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც, „აფხაზეთის ხმის“ წყაროს ცნობით, ამ დრომდე სენაკში იმყოფებიან.
გია კვარცხალაია, დაახლოებით 4 თვეა, სენაკის პროკურორად მუშაობს. ადრე ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ პროკურატურაში მუშაობდა.
ფაქტის შემოწმების მიზნით „აფხაზეთის ხმა“ ჯერ შსს-ს, ხოლო შემდეგ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურებს დაუკავშირდა. შსს-ს პრესსამსახურში შეკითხვის მოსმენის შემდეგ გადამოწმებას დაგვპირდნენ, ხოლო მითითებულ დროში ხელახლა დაკავშირების შემდეგ განგვიცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებდნენ და გვითხრეს, რომ მთავარი პროკურატურის პრესცენტრს უნდა დავკავშირებოდით.
კითხვის დასმის შემდეგ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ბატონი თემურ დოლიძე დაინტერესდა, საიდან იცოდა „აფხაზეთის ხმამ“, თუ რას იძიებს პროკურატურის გენერალური ინსპექცია:
„თქვენ მეუბნებით, რომ თქვენმა კონფიდენციალურმა წყარომ გითხრათ, რომ ამ საკითხს გენერალური ინსპექცია იძიებს?“, - იკითხა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, რომელიც ამ კითხვაზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ იმ პიროვნების სახელითა და გვარით დაინტერესდა, ვისაც ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა, ამის შემდეგ კი გვიპასუხა:
„ეს ინფორმაცია არ დასტურდება. სადაც მე ხელი მიმიწვდება, იმ დონეზე არ ადასტურებენ. ახლა კი კონკრეტულად ამ პიროვნებასთან დაკავშირებით გაგირკვევთ“.
მოგვიანებით პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გია კვარაცხელიას შესახებ ჩვენს მიერ მიწოდებული ფაქტი არ დასტურდება:
-არ დასტურდება.
-კონკრეტულად, გია კვარცხალიასთან მიმართებაში გადამოწმებას დაგვპირდით და ამ პიროვნებასთან მიმართებაშიც არ დასტურდება შემოწმება და შემოწმების შედეგები?
-ეს ადამიანი აღარ მუშაობს ჩვენთან.
-გათავისუფლების მიზეზი რა გახდა?
-პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
-ეს ამბავი როდის მოხდა?
-არ ვიცი. უბრალოდ, ჩვენთან აღარ მუშაობს, გათავისუფლებულია.“
„აფხაზეთის ხმამ“ საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებული საჯარო ინფორმაცია მოიძია.
ვებ-გვერდის სიახლეების რუბრიკაში არც პროკურატურის რომელიმე ოფისის თანამშრომლის ნარკოლოგიური შემოწმების, არც თანამდებობიდან სენაკის რაიონის პროკურორის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, ხოლო მასალას თანდართული შიდა სქრინ-ფოტოდან ჩანს, რომ ამ მასალის გამოქვეყნების დროს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე სენაკის რაიონულ პროკურორად გიორგი კვარაცხელიაა მითითებული (სავარაუდოდ, გვარის დასახელებისას მექანიკური შეცდომაა და უნდა ეწეროს "კვარცხალაია", რადგან გიორგი კვარაცხელია სენაკის პროკურორი არასდროს ყოფილა).

ლაშა ბერულავა
მთავარ ფოტოზე: სენაკის ცენტრი, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა