
თემურ შაშიაშვილმა, შესაძლოა, ქუთაისის მერის პოსტზე კენჭი იყაროს , ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „თეთრების“ ლიდერი გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში აცხადებს.
როგორც შაშიაშვილი ამბობს, მას ქუთაისიდან დაუკავშირდნენ და მერის პოსტზე კენჭისყრა სთხოვეს, თუმცა გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ქუთაისის მოსახლეობას შეხვდება და მათ აზრს მოისმენს.
„ქუთაისიდან ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა და მთხოვა, რომ ქალაქის მერის პოსტზე ვიყარო კენჭი. ესენი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან.
მათ შორის ისეთებმაც მომმართეს, რომლებიც თავის დროზე მიპირისპირდებოდნენ. დიდი მადლობა მათ ნდობისთვის. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.
ამ საკითხზე ვფიქრობ, ჯერ მოსახლეობას უნდა დაველაპარაკო. უნდა დაველაპარაკო იმ ხალხს, ვინც თავის დროზე ჩემი მოწინააღმდეგე იყო. გავიგებ ხალხის აზრს და გადაწყვეტილებას მერე მივიღებ“- განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.