
საქართველოს დროშის ფერები ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალ ფორმაში აღარ იქნება. ახალი ფორმა ლურჯ და თეთრ ფერებში იქნება,- ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
როგორც ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, "უეფამ" მათ საქართველოს ეროვნული დროშის ფერების არჩევის შესაძლებლობა არ მისცა.
მათი თქმით, ,,adidas–ის“ შეკერილი ახალი ფორმის არჩევის საშუალება რამდენიმე ფედერაციას მიეცა, თუმცა კატალოგში წარმოდგენილი მაისურებიდან საქართველოს დროშის ფერებში არცერთი არ ყოფილა.
,,გაკეთდა საერთო კატალოგი ყველა ფედერაციისთვის, ფედერაციებს შეეძლოთ იქიდან აერჩიათ მხოლოდ მაისურები და დამატებითი შესწორების გაკეთების საშუალება არ გვქონია.
თუმცაღა ჩვენ მივმართეთ მათ და ვუთხარით, რომ ლურჯი ჩვენს ნაციონალურ ფერებში არ არის და იქნებ იყოს თეთრი წითელი ზოლით, მაშინ გაკეთდა მათი მხრიდან განმარტება, რომ მოცემული კატალოგი არ შეიცვლება რომელიმე კონკრეტული ფედერაციის სურვილის შესაბამისად და ეს კატალოგია, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ", – აცხადებს ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის სამსახურის უფროსი თათა ბურდული ,,ნეტგაზეთთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ფედერაციაში ახლა რებრენდინგი მიმდინარეობს და სექტემბრამდე, როგორც ფედერაციას, ასევე, ეროვნულ ნაკრებს ახალი ლოგო ექნება, მანამდე კი ეროვნული ნაკრების მაისურზე დატანილი იქნება საქართველოს გერბი.