
რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს გენერალურმა შტაბმა ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში მიიღო დავალება თავდაცვის მინისტრისგან, შეემუშავებინა „აშშ-ის მყისიერი დარტყმის მოგერიების“ გეგმა.
რუსი ექსპერტები, რომლებიც 2013 წლის 16 დეკემბერს გამართულ სელექტორულ თათბირს იხსენებენ, ასკვნიან, რომ უკრაინაში ჯარის შეყვანის შემდეგ დასავლეთის, კერძოდ კი აშშ-ის რეაქციისთვის რუსეთი სწორედ ამ დროიდან ემზადებოდა.
გასულ წელს გამართული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სელექტორული თათბირის შესახებ ინფორმაცია „აფხაზეთის ხმამ“ რუსულ პრესაში მოიძია: დეტალური აღწერა „კომსომოლსკაია პრავდაში“ იყო გამოქვეყნებული, სადაც ავტორი სტატიაში - "Генштабу приказано подготовиться к отражению «мгновенного удара» США" წერს: „ეს თათბირი ძალიან ჰგავდა გენერალური ბრძოლის წინ საბრძოლო დავალებების გაცემას“. სტატიიდან ირკვევა, რომ გენერალურ შტაბს მაშინ დაევალა:
„ქვეყნის თავდაცვის ახალი გეგმის შემუშავებისას გაითვალისწინოს ამერიკელი სამხედროების მხრიდან მომავალი საფრთხეების განვითარების პერსპექტივა, ასევე აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემების მწყობრიდან გამოყვანის და მათზე გლობალური დარტყმის შესაძლებლობა;
2014 წლის ბოლომდე გავიდეს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების არანაკლებ 95%-იან მაჩვენებელზე, ხოლო კონტრაქტით მოსამსახურეთა რიცხვი გაზარდოს 240 ათასამდე.
2013 წლის 30 დეკემბრამდე მოამზადოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა სამხედრო მომზადების საგზაო გეგმა.
შეიარაღებულ ძალებში ერთიანი საინფორმაციო-სადაზვერვო სივრცის შექმნის პროცესში უზრუნველყოს დაზვერვის მოქმედი და პერსპექტიული ძალების ურთიერთქმედება მიმართულება და მიზანსწრაფულობა“.
ლაშა ბერულავა