-
2014-03-03 18:50
უკრაინის ინფორმაციული წინააღმდეგობა ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურმა ალექსანდრე ვიტკომ ყირიმში განთავსებულ უკრაინულ სამხედრო ნაწილებს ულტიმატუმი წაუყენა.
ულტიმატუმის ვადა ვიტკომ 4 მარტის დილის 05:00 საათამდე განსაზღვრა და განაცხადა, რომ თუ ამ დროისთვის უკრაინული ნაწილები არ დანებდებიან, მთელი ყირიმის მასშტაბით შტურმი დაიწყება. ეს ინფორმაცია რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებს შორის გაავრცელეს.
ამასთან, ამავე წყაროს ცნობით, რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, სტაროსალდატსკოესთან, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს განთავსდა საველე სამზარეულო და კარვების ქალაქი. ადგილობრივ მოსახლეობას აცნობეს, რომ იქმნება „დევნილთა დახმარების“ პუნქტი.
„დევნილთა დახმარების“ პუნქტთან სამხედრო ტექნიკა არ არის, თუმცა, ბრიანსკის ოლქში, კლიმოვოს შემოგარენში გადასროლილია ტულის 106-ე სამხედრო-სადესანტო დივიზიის ორი ბატალიონი.
3 მარტს, დილის 11:00 საათისთვის, ხარკოვის სიახლოვეს, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნიეს რუსული არმიული ავიაციის 9 ვერტმფრენი, რომელიც საზღვრის გასწვრივ დაფრინავდა, თუმცა, უკრაინის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია, ხოლო 15:00 საათზე, დაახლოებით 7.000 მეტრის სიმაღლეზე შეამჩნიეს სადაზვერვო თვითმფრინავე, თუმცა, უკრაინის საჰაერო სივრცეში არც ეს აპარატი შესულა.