
საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა აშშ–ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი.
როგორც კრემლის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ობამამ პუტინს მოუწოდა, გამოიყვანოს ყირიმის ნახევარკუნძულიდან სამხედრო შენაერთები, რასთან დაკავშირებითაც პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილსა და ყირიმში ძალადობრივი პროცესების გაგრძელების შემთხვევაში რუსეთი იტოვებს უფლებას, დაიცვას თავისი და იქ მცხოვრები რუსულენოვანი მოქალაქეების ინტერესები.
ამასთან, ამერიკული მედიის ცნობით, ბარაკ ობამამ ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ მოსკოვი, შესაძლოა, პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში აღმოჩნდეს.
ობამა–პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ–მა შეაჩერა მუშაობა დიდი რვიანის სამიტისთვის, რომელიც ივნისში სოჭში უნდა ჩატარდეს, ხოლო გაეროში აშშ–ის მუდმივმა წარმომადგენელმა მოითხოვა, დაუყოვნებლივ გაიგზავნოს დამკვირვებლები უკრაინაში.