
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას“ უწოდებს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ყირიმის ნახევარკუნძულზე.
საგანგებო განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა:
”დღეს უაღრესად საშიში განვითარება მიიღო უკრაინაში, კერძოდ კი, ყირიმში მიმდინარე პროცესებმა.
რუსეთის ფედერაციის მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე პასპორტების დარიგება, სამხედრო ინფრასტრუქტურისა და კონტინგენტის გაძლიერება, ასევე გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალებით დაიცვან უკრაინაში მცხოვრები „თანამემამულეთა ინტერესები“, წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, რაც ეწინააღმდეგება გაერო-სა და ეუთო-ს ფუძემდებლურ დოკუმენტებს, უგულვებელყოფს საერთაშორისო სამართლის საბაზისო პრინციპებს და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
დაუშვებელია სახელმწიფოთა ბედი, მათი მომავალი და ტერიტორიული მთლიანობა წყდებოდეს უცხო სახელმწიფოს ზეწოლითა და ძალისმიერი ჩარევით.
მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ დაუშვას ახალი კონფლიქტი ევროპაში და გამოიყენოს მის ხელში არსებული საშუალებები, რათა მოხდეს შესაძლო აგრესიის თავიდან აცილება და შენარჩუნებულ იქნას უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”, - აცხადებს პრეზიდენტი მარგველაშვილი.