-
2014-03-01 14:39
ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელიას ჰაუამ განაცხადა, რომ დაუშვებელია რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსება ვენესუელის ტერიტორიაზე. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
„ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, არ გვაქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რომელიმე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა განვათავსოთ“, – განაცხადა ვენესუელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსული სამხედრო ბაზების რიცხვის გაზრდის სურვილის შესახებ ადრე თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. მან თქვა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის, ვიეტნამთან, კუბასთან, ვენესუელასთან, ნიკარაგუასთან, სეიშელის კუნძულებთან და სინგაპურთან.
ვენესუელა უკვე მეორე ქვეყანაა დასახელებული ქვეყნებიდან, რომელმაც რუსეთს ბაზების განთავსებაზე უარი უთხრა. უფრო ადრე ეს განცხადება ნიკარაგუის პარლამენტშიც გაკეთდა, სადაც ოპოზიციის განცხადებას, რომ დაუშვებელია ნიკარაგუის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სახელმწიფოს სამხედრო ბაზის განთავსება, სპიკერიც დაეთანხმა.