ავღანეთში მომხდარ მასშტაბურ ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ბომბი თავდაპირველად ქაბულის სპორტულ კლუბში ამოქმედდა, რის შემდეგაც დარბაზში თვითმკვლელი ტერორისტი შეიჭრა და თავი აიფეთქა.
მოგვიანებით, შენობის მახლობლად, პოლიციელებსა და ჟურნალისტებს შორის დანაღმული ავტომობილიც აფეთქდა. თავდასხმების სერიას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.
დაღუპულთა შორის ადგილობრივი ტელეკომპანიის კორესპონდენტი და ოპერატორიც არიან.