
უკრაინის დედაქალაქში ევრომოედანზე მამაკაცები, ქალები, მოზარდები და ჩვილებიც კი შეიკრიბნენ - დაახლოებით 200 ათასი კაცი უკრაინის ევროპულ მომავალს ითხოვს.
კარგად შეფუთული მოზარდები, საბავშვო ეტლში სპეციალური მოწყობილობებით სუსხისგან დაცული ჩვილები, მოხუცები, ქალები და მამაკაცები - კიევში ორგანიზებული ევრომოედანი ამ დროისთვის ასე გამოიყურება.
„ევროპა უკრაინის მომავალია!“, „უკრაინა ევროპაში, იანუკოვიჩი - ტრ**ში!“ - ასეთი შინაარსის პლაკატები უჭირავთ მომიტინგეებს, რომელთა რაოდენობა ყოველ საათს იზრდება.
სხვადასხვა მონაცემებით, ამ დროისთვის კიევის ცენტრში 200 ათას ადმიანზე მეტია შეკრებილი, რაც აქციის ორგანიზატორებს უპრეცედენტო მოვლენად მიაჩნიათ.
მომიტინგეებს სპეციალური წერილით მიმართა პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერმინისტრმა იულია ტიმოშენკომ და აღნიშნა, რომ ამ გამოსვლებით უკრაინელმა ხალხმა ბოლომდე უნდა მიიყვანოს საქმე, რისი დასრულებაც ვერ შესძლო „ნარინჯსიფერმა რევოლუციამ“.
ევრომოედანზე მისვლა დროულად ვერ შესძლო პარტია „უდარის“ თავმჯდომარემ ვიტალი კლიჩკომ. კლიჩკო ევროპაში პოლიტიკოსებთან კონსულტაციებისთვის იყო ჩასული, უკან დაბრუნებისას კი მისი თვითმფრინავი არ მიიღეს უკრაინის აეროპორტებმა.
თვითმფრინავს მიღებაზე უარი უთხრეს „ბორისპოლმა“ და არც „ჟულიანმა“, რის შემდეგაც ის კიევიდან მოშორებით დაჯდა, კლიჩკო კი კიევისკენ მანქანით გაემართა. მანამდე კი ეროპული კურსის მხარდამჭერ ხალხთან ვიტალი კლიჩკოს ძმა, ცნობილი ვლადიმირ კლიჩკო გავიდა, რამაც დიდი ოვაცია გამოიწვია.
„უკრაინის სახალხო ვეჩემ“ მიიღო საგანგებო რეზოლუცია, სადაც ჩაწერილია მოთხოვნა, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა სასწრაფოდ შეცვალოს აზაროვის მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირების თაობაზე მოლაპარაკების შეჩერების შესახებ: „ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ანტიუკრაინულ ხელისუფლებას, მოიპაროს ჩვენი ევროპული მომავალი!“, - ნათქვამია სახალხო ვეჩეს რეზოლუციაში.
მოამზადა ლაშა ბერულავამ
შენიშვნა: გამოყენებულია საიტის http://censor.net.ua ფოტოები.