
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ სიმძიმეს,რომელიც ამ მიმართებით არსებობს. - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველომ ამით საერთაშორისო ვალდებულებები არ შეასრულა.
„როდესაც ჟურნალისტი ქალაქის ცენტრიდან იკარგება და ის აღმოჩნდება მეზობელ სახელმწიფოში, ასეთი პრეცედენტი ხდება ათწლეულებში ერთხელ და სამწუხაროდ, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვერ აცნობიერებს იმ სიმძიმეს, იმ მდგომარეობის, რომელიც ამ მიმართებით არსებობს.
საუბარი არის სერიოზულ დანაშაულზე, ეს არ არის რაღაც გადაცდომა, ეს არის სერიოზული დანაშაული, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევა და საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რომლის წევრი საქართველოა და ქვეყანამ ამით საკუთარი ვალდებულებები არ შეასრულა, პირიქით და ეს პრობლემაა. მე ვფიქრობ, ალბათ, კარგი იქნება, რომ ყველამ გააცნობიეროს პასუხისმგებლობა ამ საკითხში და ან მოხდეს კონკრეტულად ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, თუ როგორ მოხდა ის, რომ ქალაქის ცენტრიდან დაიკარგა ადამიანი და აღმოჩნდა მეზობელ სახელმწიფოში, თუ ეს ხდება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ინფორმირებულობის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს დიდი პრობლემაა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაცული არავინაა და მსგავსი ფაქტი, შესაძლოა, კვლავ განმეორდეს“, - განაცხადა ნანუაშვილმა.