
აზერბაიჯანული მხარის თქმით, ავღან მუხტარლი „მწვანე საზღვრის“ კვეთის დროს დააკავეს, სადაც პასპორტი არ სჭირდებოდა - ეს განცხადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ გარკვეული ინფორმაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით ბაქოდან მიიღეს, თუმცა ამ დროისთვის უფრო დეტალურ ინფორმაციას ელოდებიან.
„არ უნდა ვიჩქაროთ განცხადებების გაკეთება - მე თავს შევიკავებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, მიმართა აზერბაიჯანულ მხარეს, შს სამინისტროს. ალბათ, იქიდან გაკეთდება ოფიციალური განცხადება და ჩვენც მოგვწერენ, თუ რა მოხდა - ზუსტად სად მოხდა ამ ადამიანის დაკავება, რომელ საზღვარს კვეთდა. როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, ის დააკავეს „მწვანე საზღვრის“ კვეთის დროს და არა გამშვებ პუნქტზე, სადაც პასპორტი არ სჭირდება. დაგვიზუსტებენ და ჩვენ შევისწავლით ამ ფაქტს“, - განაცხადა გომელაურმა.
ავღან მუხტარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხტარლის ბრალი საზღვრის უკანონო კვეთასა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის მუხლებით აქვს წარდგენილი.