
საქართველოში უკრაინის საელჩოსთან შეკრებილმა ოცდაათამდე ჟურნალისტმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და კიევში ადამიანების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.
ქართველ ჟურნალისტებს, რომლებმაც საელჩოს წინ სანთლებით დაწერეს "დიდება უკრაინას!" საელჩოს წარმომადგენლებმა ოფიციალურად გადაუხადეს მადლობა. უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშა გლოვის ნიშნად დაშვებული იყო.
ჟურნალისტებმა ამ აქციით მხარდაჭერა გამოუცხადეს ასევე კოლეგებს, რომლებიც მოვლენების ეპიცენტრიდან, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აშუქებენ მოვლენებს. აქციაზე ყველა თაობის ჟურნალისტები მივიდნენ. უფროსი თაობის ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ რაც კიევში ხდება და რასაც ზოგი "სამოქალაქო ომს" არქმევს, ინსპირირებულია იმავე მეზობელი სახელმწიფოს მიერ, რომელმაც 90–იან წლებში საქართველოში ანალოგიური სასაკლაო მოაწყო. რამდენიმე ჟურნალისტმა ევროკავშირის ქვეყნებს გააქტიურებისკენაც მოუწოდა.
ჟურნალისტების აქცია მოქალაქეებმა გააგრძელეს, რომლებმაც აქციის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს. ისინი უკრაინის საელჩოსთან მივიდნენ და უკრაინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად საელჩოს წინ, ტროტუარზე სანთლებით ჯვარი გამოსახეს.