
ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" საარჩევნო რეგისტრაცია ბათილადაა ცნობილი. ანტისახელმწიფოებრივი წინასაარჩევნო კამპანიის გამო ბლოკის რეგისტრაციის გაუქმებას საზოგადოების დიდი ნაწილი და ცალკეული პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ითხოვდნენ. ამასთან, ცნობილი გახდა ასევე, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, ვლადიმირ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს.
"დღეის მდგომარეობით ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტების ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ გააჩნია იურიდიული ძალა, შესაბამისად დღეს 11:00 საათზე მე მოვაწერე განკარგულებას ხელი, ეს გახლავთ ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულება პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტების რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ. ეს უფლებამოსილება გააჩნია ცესკოს თავმჯდომარეს ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
რაც შეეხება ვლადიმირ ბედუკაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას, მან შესაბამისი ცნობა პროკურატურიდან მიიღო. ციხის სკანდალური კადრების ავტორისთვის უცნობია, რის საფუძველზე მიიღო საგამოძიებო უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილება. ბედუკაძე თვლის, რომ შესაძლოა მას სერიოზული საფრთხე შეექმნას და პასუხისმგებლობას ის პირადად ირაკლი შოთაძეს აკისრებს.
"ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაცნობეს უშუალოდ ვინც ახორციელებდა იმ ადამიანებმა. გამოძიება თვლის, რომ აღარ არსებობს გარემოებები, რომ მე ვიყო განსაკუთრებული დაცვის პროგრამაში. საფრთხე არსებობს, ამიტომაც დავაკისრე პასუხისმგებლობა შოთაძეს,"-აცხადებს ლადო ბედუკაძე.