
რუსი პოლიტოლოგი, სტრატეგიული კონიუნქტურის ცენტრის ექსპერტი მიხეილ ჩერნოვი, რომელიც ცნობილია თავისი ანტიქართული შეხედულებებითა და თეზისებით, "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში 2014 წელს აცხადებდა, რომ რუსეთი ამიერკავკასიაში ისევ დაბრუნდება და საქართველოს საზღვრები გადაიხედება.
მისივე თქმით, "საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, არ არსებობს". აღსანიშნავია, რომ მსგავსი დამოკიდებულება ჩერნოვს არც ორი წლის შემდეგ შეუცვლია, მაგალითად, ის ახლა აცხადებს, რომ საქართველო კართაგენია, რომელიც აუცილებლად დაინგრევა.
ჩერნოვის ლოგიკით, რომელიც ზემოთაღნიშნულ ინტერვიუში იკვეთება, ამიერკავკასიაში რუსეთი დროთა განმავლობაში იყო, მიდიოდა და ბრუნდებოდა, ყოველი დაბრუნება კი საზღვრების გადახედვას იწვევდა, რაც ახლო მომავალშიც მოსალოდნელია. ჩერნოვი ამბობს, რომ ევრაზიული კავშირის, როგორც სახელმწიფოს ინტერესები, მოითხოვს, რომ რუსეთს ჰქონდეს სახმელეთო კავშირი სომხეთთან და ეს ასეც მოხდება, ან ოფიციალურ თბილისთან დიალოგის, ან სამხედრო ასპექტის ამოქმედების გზით:
"მიერკავკასიაში რუსეთის ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის ყოველი დაბრუნების შემდეგ ამიერკავკასიაში შიდა საზღვრები ყოველთვის მნიშვნელოვნად იცვლებოდა. ასე იყო 20-იან წლებში, როცა ქართველური ხალხებით დასახლებული ტერიტორიებიდან შეიქმნა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
მაშინ შეიქმნა ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკები, სპეციფიკურად გაიყო მთიანი ყარაბაღი და ნახჭევანის ოლქი. ჩემი აზრით, დღევანდელ ისტორიულ ეტაპზე ანალოგიური და მსგავსი ვითარებაა. მხედველობაში მაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წარმოქმნა. ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება. ვეჭვობ, რომ უახლეოს მომავალში საქართველოსთვის ეს თემა, რა თქმა უნდა, აქტუალური იქნება", - ამბობს ჩერნოვი "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.
ჟურნალისტის რეპლიკაზე: "თქვენ ისე საუბრობთ, თითქოს საქართველო არც კი არსებობს. სწორად გავიგე თქვენი ლოგიკა?" პასუხობს:
საქართველო როგორც დამოუკიდებელი ერთეული, არ არსებოს, ამ თვალსაზრისით სწორად გაიგეთ. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას, შეიძლება რამდენიმე რაკურსზე ყურადღების გამახვილება. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის ინტერესებში არაა და რუსეთისთვის მიუღებელია. მეორე - იმგვარად, როგორც ამას ევროკავშირი ვარაუდობს საქართველოსთან ინტეგრაციას, საქართველოს არანაირ დამოუკიდებლობაზე საუბარი არაა. იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, ამის კარგი მაგალითია.
საქართველო არსებობს, მაგრამ არსებობს არა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, დამოუკიდებელი ძალა და დამოუკიდებელი მოთამაშე. ეს ასეა სხვადასხვა ისტორიული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიზეზების გამო. თქვენს კითხვას მე დაახლოებით ასე ვუპასუხებდი.
საქართველო და ქართველები იარსებებენ, მაგრამ მხოლოდ თავის ტერიტორიაზე და სხვა პოლიტიკური ფორმით. ქართველები მომავალშიც იცხოვრებენ საქართველოს რესპუბლიკაში, როგორც ადრე. ხომ არსებობს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართვლო, არსებობს სამეგრელო, ჯავახეთი, გორის რაიონი. მაგრამ იმავდროულად საუბარი უნდა იყოს საქართველოს შიდა რაიონებიდან დევნილი ოსების მათ ტერიტორიებზე დაბრუნებაზე".
მიხეილ ჩერნოვის თქმით, სამხრეთ ოსეთის მიმდებარედ არსებობს თრუსოს ხეობა, რომელიც ისტორიულად სამხრეთ ოსეთს ეკუთვნოდა, სადაც 30 ათასი ოსი ეროვნების მოქალაქე უნდა დაბრუნდეს. თრუსოს ხეობა ესაზღვრება როგორც სამხრეთ ოსეთს, ისე - ჯავახეთს, რომელიც თავის მხრივ სომხეთს ესაზღვრება.
"სატრანსპორტო კორიდორი, რომელზეცაა საუბარი და რომლის საფუძველი ტრანსკავკასიური მაგისტრალია, მხოლოდ ერთ ერთი საშუალება გახლავთ იმისა, რომ რუსეთს სომხეთთან სახმელეთო საზღავრი ჰქონდეს. მისი აღდგენის აუცილებლობა სომხეთის ევრაზიულ არჩევანს უკავშირდება", - აცხადებს მიხეილ ჩერნოვი.