
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, რუსეთისგან შეიძინოს ელექტროენერგია ძვირად, რათა აფხაზეთის მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. მინისტრის მოადგილის თქმით, თებერვლის ბოლოს აფხაზეთი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.
“ენგურჰესზე დღეს არსებობს შეზღუდვები. ერთი წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ ასე იქნებოდა და ჩვენ აღარ განვახორციელებდით იმპორტს რუსეთისგან აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს აბსოლუტურად ჩაქრებიან. არ ვაპირებთ ელექტროენერგიის შემოტანას ჩვენი აქეთა მომხმარებელების ხარჯზე.
მათ თბილისზე მეტი ყოველდღიური მოხმარება აქვთ. მილიონნახევრიან ქალაქზე მეტი მოხმარება აქვს აფხაზეთს. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის ბაზები და მათი ოჯახები აქედან ვამარაგოთ? ბოდიში, მაგრამ ეს უკვე აღარ გაგრძელდება. მათ მოუწევთ იმ რესურსში ჩაკეტვა, რომელიც დღეს გააჩნიათ”, – ეს განცხადება მარიამ ვალიშვილმა 11 თებერვალს, თბილისში, ბიოლის ფონდის მიერ გამართულ საჯარო დისკუსიაზე გააკეთა.
მინისტრის მოადგილემ დაამატა, რომ თანხა, რაც საქართველოს უჯდება ენგურჰესი დღეს, 100 მილიონი აშშ დოლარია.