-
2016-01-27 13:23
ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, რომ სახელმწიფომ მოსახლეობისგან ფარულად დაიწყო კერძო მფლობელობაში არსებული მიწების სახელმწიფოზე გადაფორმება.
"ჩვენ გადავამოწმეთ რამდენიმე რაიონი და დავადგინეთ რომ მარტვილის, გორის, ბორჯომის რაიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს ოჯახების მფლობელობაში არსებული მიწების ჩამორთმევა შეტყობინების გარეშე და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. მხოლოდ მარტვილში მთავრობამ უკვე მიითვისა 1,000 ჰექტარზე მეტი მიწა. სავარაუდოდ ანალოგიური პროცესი დაიწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ეს ნიშნავს შემდეგს:
თქვენ ან თქვენი ოჯახი შესაძლოა, თვლიდეთ რომ საკუთრებაში გაგაჩნიათ მიწის ნაკვეთი, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობთ/ამუშავებთ, მაგრამ არ გაქვთ გაკეთებული რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ასეთ მიწის ნაკვეთს მთავრობა ჩამოგართმევთ, ისე რომ არც შეგატყობინებთ და გადააფორმებს სახელმწიფოზე.
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი თვლის რომ ეს პროცესი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და წარმოადგენს საკუთრების უფლების უხეშ დარღვევას.
სასწრაფოდ უნდა შეწყდეს მთავრობის მხრიდან მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთების მოპარვის პროცესი! ეს არის ეკონომიკის და იუსტიციის მინისტრების პასუხისმგებლობა!
ჩვენ ვაპირებთ დავადგინოთ ვინ გასცა ამ უკანონო და უსამართლო პროცესის დაწყების ბრძანება და დავიცვათ თითოეული მიწის მფლობელი ოჯახის საკუთრების უფლება!", - ნათქვამია "გირჩის" ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქში".