-
2015-10-30 16:19
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, შსს გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა წერს, რომ კონსტიტუციისა და კანონის დაცვით, ისინი ბოლომე იბრძოლებენ "რუსთავი-2"ის დასაცავად.
"ჩემო მეგობრებო, ხელისუფლების ისტერია გასაგებია ისედაც: ვინაიდან მათ ვერც ერთი დაპირების შესრულება ვერ შეძლეს, ქვეყანა მიიყვანეს ეკონომიკურ კოლაფსამდე, სამუშაო ადგილები შემცირდა, ძალიან ბევრ სოციალურად დაუცველ ადამიანს მოუხსნეს დახმარება, პენსიონრები მოტყუებული დატოვეს, კრიმინალი თუ როგორ გაიზარდა ძალიან კარგად ვხედავთ, სტატისტიკის კი რა მოგახსენოთ...
საგარეო მიმართულებით პრობლემებია, დღეს სახეზე გვაქვს მათი მხრიდან კიდევ ერთი სამარცხვინო მოქმედებების დაწყება, თითქოს ვინმე ქვეყანაში გადატრიალებას გეგმავს. ხელისუფლება უპასუხისმგებლობის და უტიფრობის ზენიტში იმყოფება, იციან რა, რომ ხალხის ნდობას დღითიდღე კარგავენ, გადავიდნენ მასშტაბურ შეტევაზე თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ და, პარალელურად, ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციზე, რაც არ გამოუვათ.
ბატონებო! თქვენი ბინძური მოქმედებებით მიაღწიეთ იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მობილიზებული, შემტევი ვიქნებით - ამას გპირდებით, არ მოგცემთ შესაძლებლობას, ბინძური მეთოდებით შეინარჩუნოთ ხელისუფლება და ქვეყანა უფსკრულისკენ წაიყვანოთ.
ჩვენი ბრძოლა კონსტიტუციისა და კანონის სრული დაცვით გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე, რაც გარდაუვალია!!"- წერს გუნავა.