-
2014-02-14 14:27
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
"საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია პოლიტიკური დევნის შესახებ, რომელიც ხორციელდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ, კონკრეტულად - ჯიბუხაიას, ჭელიძის და ოტიაშვილის მიმართ. ეს დევნა მიზნად ისახავს ერთადერთი ოპოზიციური პარტიის მაქსიმალურად დასუსტებას რეგიონებში თვითმმართველობის არჩევნების წინ. ის, რომ ეს პროცესი ნამდვილად პოლიტიკური დევნაა, დასტურდება იმით, რომ პროკურატურამ ამ საქმეებზე მოითხოვა წინასწარი პატიმრობა, მაშინ როდესაც ბრალდება ერთ შემთხვევაში ეხება 12 000 ლარის შეშის დარიგებას სოციალურად დაუცველი პირებისთვის, ხოლო ოტიაშვილის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წინასწარ მუქარას პარლამენტის ერთ–ერთი კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი ტრიპოლსკის მხრიდან. მოსამართლეებმა ახალბედაშვილმა, გურულმა და ფუხაშვილმა შეასრულეს პოლიტიკური დაკვეთა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი ინფორმაციით, საგარეჯოს გამგებელს, რომელიც პარლამენტის მაჟორიტარის, თინათინ ხიდაშელის ახლობელია, 250 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდნენ და ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე განრიდება "გაუკეთეს".
"მოვითხოვთ შეხვედრას იუსტიციის მინისტრ, ქალბატონ წულუკიანთან, როგორც გენერალურ პროკურორთან და უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელთან და გვსურს, მისგან მოვისმინოთ ახსნა–განმარტება, რატომ ხელმძღვანელობს პროკურატურა ორმაგი სტანდარტებით. ასევე გვსურს, მოვისმინოთ, რატომ ითხოვს პროკურატურა შესაძლო სამოხელეო ან ფინანსურ დანაშაულზე წინასწარ პატიმრობას, მაშინ, როდესაც თავად პროკურატურა არაერთხელ აცხადებდა, რომ ე.წ. "თეთრი საყელოს" დანაშაულზე წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა აღარ მოხდებოდა", - აღნიშნა ჯაფარიძემ.