-
2014-02-12 18:40
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ გააკეთა ყველაფერი, რათა სოჭის ოლიმპიადა გამოეყენებინა სუვერენიტეტისთვის ზიანის მისაყენებლად და ოკუპაციის ფაქტისთვის რაიმენაირი ლეგიტიმაციის მისაცემად. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:
“დღეისათვის უკვე ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციამ, შესაძლებლობის ფარგლებში, გააკეთა ყველაფერი რათა გამოეყენებინა სოჭის ოლიმპიადა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ზიანის მისაყენებლად და ოკუპაციის ფაქტისთვის რაიმენაირი ლეგიტიმაციის მისაცემად. ამ სიტუაციაში, საქართველოს მთავრობამ არა მხოლოდ არ მიიღო არანაირი ზომები რათა გამკლავებოდა ამ სერიოზულ გამოწვევას, არამედ დღეს დაკავებულია რუსეთის ხელისუფლების საქციელის გამართლებით. ამ ყველაფრის კულმინაციად იქცა მარიონეტული რეჟიმების ლიდერთა ოლიმპიადის ოფიციალურ ლოჟაში სტუმრის სტატუსით გამოჩენა. სოჭის ოლიმპიადის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის საგარეო პოლიტიკურ კრახად შემდეგ მიზეზთა გამო შეგვიძლია მივიჩნიოთ:
1. საქართველოს მთავრობის არაკომპეტენტური და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საზიანო საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და რუსეთის მიერ საკუთარი სახლებიდან გამოყრილი დევნილების დაბრუნების ისევე როგორც მათი საკუთრების უფლების საკითხი პრაქტიკულად გაქრა დასავლეთ-რუსეთის ორმხრივი პოლიტიკური დღის წესრიგიდან. სოჭის ოლიმპიადაზე არ ჩავიდა ცივილიზებული სამყაროს თითქმის არც ერთი ლიდერი. მათ მიერ ოლიმპიადაზე არჩასვლის მიზეზთა შორის არ დასახელებულა საქართველოს ოკუპაციის და ეთნიკური წმენდის საკითხი.
2. ასევე შემდგარი ფაქტია დასავლური მედიის უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება სოჭის ოლიმპიადის მიმართ. საქართველოს მთავრობას არ გაუკეთებია არაფერი რათა ოლიმპიადის მიმართ არსებული ყურადღება გამოყენებულიყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშოსირო აქტუალიზაციისათვის. გასული წლის განმავლობაში, მმართველ გუნდს არ გამოუყენებია არც ერთი საერთაშორისო ფორუმი, ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეხვედრა რათა პუტინის მიერ ოლიმპიადის გადასარჩენად გაკეთებული არაერთი დათმობიდან ერთ-ერთი მაინც ყოფილიყო საქართველოს საკითხთან დაკავშირებით.
3. ბოლო პერიოდის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტრო დაჟინებით ამტკიცებდა რომ მარიონეტულ რეჟიმთა ლიდერები არ იქნებოდნენ ოლიმპიადაზე მიწვეულნი, მიუხედავად იმისა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია;
4. როცა ცხადი გახდა რომ როგორც ალექსანდრე ანქვაბი, ასევე თიბილოვი ნამდვილად ესწრებოდნენ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას, არაერთი თანამდებობის პირი აცხადებდა რომ ორივე მათგანი სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე მხოლოდ კერძო პირის სტატუსით იმყოფებოდნენ რაც არ იძლეოდა შეშფოთების საფუძველს.
5. ოფიციალურ დელეგაციათა ლოჟაში, პრეზიდენტთა და სახელმწიფოების ლიდერთა შორის პირები, რომელთაც მასპინძელი ქვეყანა არ მიიჩნევს ოფიციალურებად ვერ მოხვდებიან. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქეთი ციხელაშვილის მტკიცება იმის შესახებ რომ თიბილოვისა და ანქვაბის ლოჟაში ყოფნა არ არის პროტესტის საფუძველი არის უპასუხისმგებლო”, - ნათქვამია განცხადებაში.