
„ტაბულა“ პრემიერმინისტრთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის ბოდიშს იხდის. აღნიშნული ინციდენტის გამო რედაქციამ ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლა:
„ტაბულას რედაქცია ბოდიშს უხდის საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მკითხველს, 12 თებერვალს, ინტერნეტგვერდ tabula.ge-ზე გამოქვეყნებული ნიუსის სათაურსა და ტექსტში, პრემიერმინისტრის ციტატის არასწორად მოყვანისთვის.
ტაბულა ფაქტების მიუკერძოებლად, ზედმიწევნით ზუსტად და დაუმახინჯებლად გადმოცემის სტანდარტის ერთგულია. რედაქცია ვერ დაუშვებს, ერთი ჟურნალისტის შეცდომის გამო ჩრდილი მიადგეს მის თანამშრომლებს, სწორედ ამიტომ, მორიგე ჟურნალისტი, რომელმაც პრემიერმინისტრს მიაწერა ის, რაც მას არ უთქვამს, სამსახურიდან გათავისუფლებულია. ნიუსი სათაურით: "ღარიბაშვილი: წლის დასაწყისში ველოდები დიდ რუსულ ინვესტიციებს საქართველოში" - უკვე წაშლილია.
იმედს ვიტოვებთ, რომ მთავრობაც ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ შეცდომებს, როგორც ტაბულას რედაქცია“, - ნათქვამია განცხადებაში.