
საქართველოს პრემირმინისტრის პრესსამსახური განცხადებას აქვეყნებს, სადაც საუბარია გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუზე:
„12 თებერვალს გამოაქვეყნდა ინფორმაცია სათაურით - „ღარიბაშვილი: წლის დასაწყისში ველოდები დიდ რუსულ ინვესტიციებს საქართველოში“. სტატიაში ვკითხულობთ: რუსებს კონკრეტული ინტერესები აქვთ საქართველოში სხვადასხვა დარგის მიმართ. ამის შესახებ საქართველოს პრემირმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს დარგებია ძირითადად სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ლოჯისტიკა“.
დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ პრემიერმინისტრს მსგავსი განცხადება ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემ ინტერვიუში არ გაუკეთებია. გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ ისაუბრა უცხოეთში განხორციელებულ წარმატებულ ვიზიტებზე, მათ შორის ისრაელში ბიზნესმენებთან გამართულ ნაყოფიერ შეხვედრებზე. მან აღნიშნა, რომ მარტის პირველ ნახევარში საქართველოში გაიმართება ქართულ-ებრაული ბიზნესფორუმი.
„მათ კონკრეტული ინტერესები აქვთ საქართველოში სხვადასხვა დარგის მიმართულებით, განსაკუთრებით - სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ლოგისტიკა. აქედან გამომდინარე, მე ველოდები ინვესტიციების ბუმს. შეიძლება ეს გადაჭარბებულად ჟღერდეს, მაგრამ ველოდებით დიდი რაოდენობის ინვესტიციებს საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.
რაც შეეხება რუსეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, საქართველოს პრემირმინისტრმა გამოთქვა მზაობა რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი დიალოგისთვის. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების კონსტრუქციულ დიალოგს რუსეთთან, საერთაშორისო არენაზე დიდი მხარდაჭერა გააჩნია.
გვინდა მოვუწოდოთ მედიის წარმომადგენლებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმიანობას და ნუ მიაწვდიან საზოგადოებას დამახინჯებულ ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.