
საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და გიორგი მარგველაშვილი შესაძლო შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს.
აბაშიძის განმარტებით, მსგავსი შეხვედრისთვის აუცილებელია სერიოზული მოსამზადებელი სამუშაობის ჩატარება:
„როდესაც ჩვენ ვამბობთ, ასეთი შეხვედრა შეიძლება შედგეს, მხედველობაში გვაქვს ის, რომ გამორიცხული არაფერი არ არის. ადრეც დაგვიდასტურებია ჩვენი მხრიდან ასეთი მზადყოფნა, მაგრამ ამავე დროს ხაზგასმით ვამბობთ იმასაც, რომ თუკი ასეთი შეხვედრა შედგება, მას დასჭირდება ძალიან სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება - ესაა ფორმულა.
რატომაც არა, შეიძლება შევხვდეთ, მაგრამ ამისთვის ძალიან სერიოზულად უნდა მოვემზადოთ. უნდა ვიცოდეთ, უნდა გვქონდეს პასუხი ძალიან ბევრ კითხვაზე - რუსეთან რთული ურთიერთობები გვაქვს, უაღრესად რთული პრობლემებია ჩვენს ურთიერთობაში, ამიტომ, ძალიან, ძალიან სერიოზული მომზადება დასჭირდება ამას. მე და ბატონი კარასინი აქამდე სხვა თემებზე ვსაუბრობდით, მაგრამ თუ ეს საკითხი დადგება, შევეცდებით, უფრო მეტი სიცხადე შევიტანოთ, თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს, სად და ა.შ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.