
საქართველოს პრემიერმინისტრი საქართველოს პრეზიდენტზე (2004-2013) წლებში, მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ „ის უკვე კომიკური პერსონა გახდა“.
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, გირგვლიანის საქმეზე კი, თუ საჭირო გახდება, მიხეილ სააკაშვილით აუცილებლად დაინტერესდება:
„მიხეილ სააკაშილის დაკითხვასთან დაკავშირებით გირგვლიანის საქმეზე კითხვები არსებობს. ჩვენი პრინციპი არის ის, რომ არავინ არ დგას და არ იდგება კანონზე მაღლა, ეს არის ძალიან მტკიცედ ნათქვამი სიტყვები.
თუ გამოძიებით გამოიკვეთება ამა თუ იმ ადამიანის, მათ შორის თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის შესახებ რაიმე ბრალეულობა, ყველა ადამიანი აგებს პასუხს კანონის წინაშე.
მე პასუხისმგებელი ვარ ყველა ჩემს მიერ გადადგმულ ნაბიჯზე. თუ 5-10 წლის შემდეგ ან მანამდე აღმოაჩენენ, რომ რაიმე დარღვევა მაქვს, რატომ არ უნდა ვაგო მე როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა პასუხი ისევე, როგორც პასუხს აგებს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე?
ჩვენ არ ვართ პრივილეგირებულნი. შესაძლოა მიხელ სააკაშვილს ჰგონია, რომ ზეადამიანია, მაგრამ მსურს მას შევახსენო, რომ იგი აღარ არის და ვეღარასდროს ვეღარ იქნება ზეადამიანი.
ევროპელი პარტნიორების შეფასებით მიხეილ სააკაშვილი არის მათი პირადი იმედგაცრუება. ასეთი განწყობაა აშშ-ში, ევროპაში და ბიზნესწრეებში, ეს იყო ჩემი და ყველა მოქალაქის, ვისაც ოდესღაც სჯეროდა, რომ სააკაშვილი რეალურ დემოკრატიას ააშენებდა, ჩვენი იმედგაცრუებაა.
ის ძალიან კომიკური პერსონაჟი გახდა, მას აღარავინ აღარ სცნობს და აღარსად აღარ ეპატიჟებიან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.