-
2014-02-11 23:22
საქართველოს პრემიერმინისტრმა, შეეხო რა ვანო მერაბიშვილის ბრალდებებს ოთარ ფარცხალაძის დავალებით საკნიდან მისი გაყვანის შესახებ, განაცხადა, რომ ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილის შედარება მოეწონა:
„მე ძალიან მომეწონა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული რიტორიკული შეკითხვა, ოთარმა რომ გაიტაცა რა უყო, გააუპატიურა თუ ნამუსი ახადაო?
სწორი შეკითხვაა, სად არის ამაში ლოგიკა? ადამიანმა რომ მოიგონოს, ლოგიკური შინაარსი უნდა არსებობდეს.
მერაბიშვილი ციხეში ზის და მთავარ პროკურორს თავად თუ დაებადებოდა კითხვა, რატომ არ მივიდოდა ციხეში? რა გასატაცებელია ვანო მერაბიშვილი საკნიდან“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით მთავარ პროკურატურას რეზონანსული საქმეების გამოძიება დასასრულისკენ მიჰყავს:
„გირგვლიანის და რობაქიძის საქმის გამოძიების დასრულების ვადები ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ პროკურატურაში ამ თემებზე ინტენსიურად მუშაობენ. მათი მოტივაცია არ არის შეცვლილი, მათ ეს გახმაურებული საქმეები დასასრულისკენ მიჰყავთ და იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ გასცემენ ყველა კითხვას პასუხს, რაც საზოგადოებაში არსებობს“, - აღნიშნა პრემიერმა.