
ჰოლანდიელი მოციგურავეების სპონსორი, ავიაკომპანია Corendon Airlines–ის დირექტორი ატილაია უსლუ სოჭში დააკავეს, რადგან მან მოშარდვის ბუნებრივი მოთხოვნილება პუტინის რეზიდენციასთან დაიკმაყოფილა.
თვითონ უსლუ ამბობს, რომ ეს მიზანმიმართულად არ ჩაუდენია. მისი თქმით, თანამემამულე მოციგურავეების წარმატებას ბარ Heineken–ში აღნიშნავდა, მერე კი შაურმის დაყოლება მოუნდა და მეგობართან ერთად ღამის სოჭის ქუჩებში გავიდა.
საშაურმეს მეგობრებმა ვერ მიაკვლიეს, უკვე ღამის ორი საათი ხდებოდა და, უსლუს თქმით, მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. რახან სოჭის ცენტრში ვერც საშაურმე იპოვა და ვერც საპირფარეშო, მან პირველივე ღობეს მიაშარდა – ის კი ვლადიმირ პუტინის რეზიდენციისა აღმოჩნდა.
უსლუმ საგანგებოდ შეარჩია მაღალი ღობე, რომ გარეშე თვალისგან შეუმჩნეველი დარჩენილიყო, მაგრამ რა იცოდა, თუ კამერები უთვალთვალებდნენ. ავიაკომპანიის დირექტორმა ელვის შეკვრაც ვერ მოასწრო, ისე ჩაავლეს ქეჩოში ხელი ჯანიანმა მცველებმა და სადღაც გააქანეს.
უსლუს თქმით, მას თავდაპირველად „ციმბირში გაგზავნით“ ემუქრებოდნენ და ეკითხებოდნენ, რატომ გაბედა ის, რაც გააკეთა მაშინ, როცა ირგვლივ ამდენი სათვალთვალო კამერა იყო.
უცხოელი კარგა ხანს ამტკიცებდა, რომ ეს კამერები, უბრალოდ, არ შეუმჩნევია. ბოლოს ბიზნესმენს ჯიბეების ამოტრიალება მოუწია და მისი თქმით, რეზიდენციის მცველები ძალიან დაინტერესდნენ, როცა მას იქ 3 ათასი ევრო აღმოუჩინეს.
დაკითხვის შემდეგ უსლუს პირადი ნივთები და ვინაობის დამადასტურებელი საბუთები დაუბრუნეს. ამასთან, ჰოლანდიელმა 1000 ევრო მოისაკლისა, მაგრამ იმდენად გახარებული იყო თავისუფლებაზე ყოფნით, რომ ეს ამბავი დიდად არ უნაღვლია,.
ასე დაუჯდა ჰოლანდიელ ბიზნესმენს ერთი მოშარდვა სოჭში, პუტინის რეზიდენციასთან, 1000 ევრო.