
თენგიზ სადუნიშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირხის სკოლაში ასწავლიდა, არ ნანობს, რომ მომავალ პრემიერმინისტრს ოთხიანი გამოაყოლა.
ამის შესახებ ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი წერს, რომელიც პედაგოგს პირადად ესაუბრა. ლევან ჯავახიშვილმა საჩხერეში მოგზაურობის შთაბეჭდილებები პოლიტიკაში მილიარდერის გამოჩენიდან ცოტა ხანში გამოაქვეყნა.
თენგიზ სადუნიოშვილი ამბობს, რომ კარგად ახსოვს ბიძინას ბავშვობა:
„– ძალიან მიხარია, რომ ბიძინამ ფრანგული ძალიან კარგად იცის. ვერ ვიტყვი, რომ მას განსაკუთრებით ვასწავლიდი ენას ან ბიძინა იყო გამორჩეული ფრანგულის სიყვარულით, მაგრამ ერთი კარგი ჩვევა ჰქონდა: რასაც სწავლობდა, ხარისხიანად, საფუძვლიანად. ოთხიანი გამოვაყოლე ბიძინას ფრანგულში, კარგ ოთხიანზე იცოდა, ისე, ცოტაც რომ მოენდომებინა, ხუთიანსაც მიიღებდა.
_ ახლა ხომ არ ნანობთ, რომ ხუთიანი არ გამოაყოლეთ? დიდი კაცია თქვენი მოსწავლე და...
_ არა, არაფერი მაქვს სანანებელი! რას მისცემდა ახლა ერთი ფრანგული ენის ხუთიანი ბიძინას? არც არაფერს. მთავარია, იმდენი ცოდნა მივეცი, რომ ფრანგულის სწავლა არ გასჭირვებია _ საფუძველი ჰქონდა და ძალიან მიხარია, რომ ასე მოხდა. ახლა ჩინებულად და ჩემზე უკეთ რომ მეტყველებს ფრანგულად, ბევრი თუ არა, ამ საქმეში მისხალი მაინც ხომ არის ჩემი?
_ აქტიური ბავშვი იყო?
_ კი, ზომიერად აქტიური. რაც მთავარია, ძალიან ზრდილი და წესიერი ახალგაზრდა იყო. იცით, ძალიან მიჭირს ახლა ლაპარაკი _ იტყვის ვინმე, ბიძინა თან გადაჰყვა თავის ყოფილ პედაგოგებს და, აბა, მასზე აუგს ვინ იტყვისო?! არა, გეფიცებით, გულწრფელად გეუბნებით: მაგას ისეთი მშობლები ჰყავდა, იმ ოჯახიდან უწესო კაცი არ გამოვიდოდა. ბიძინას 4 და-ძმა ჰყავს, 2 და და 2 ძმა. ერთმანეთზე წესიერი და განათლებული ხალხია. მამამისი _ გრიშა ივანაშვილი პატიოსანი და მშრომელი კაცი იყო, დედა _ ქალბატონი ციცინო, უზადო დიასახლისი, შვილების კარგად გამზრდელი. ყველაზე თვალში საცემი თვისება, რაც ბიძინა ივანაშვილს ბავშვობიდან მოსდევდა, ეს იყო პასუხისმგებლობის გამახვილებული გრძნობა.
_ ცელქობდა?
_ კი, ცელქი ბიჭი იყო. პატარა, გამხდარი და მოძრავი იყო და ერთ ადგილას არ ჩერდებოდა. ბავშვი ყველა ცელქია, მთავარია, უზრდელი და თავგასული არ იყოს. ექვსი წელი ვასწავლიდი ბიძინას და მისგან უწმაწური სიტყვა არ გამიგონია“.