
სპეკულაცია და აჟიოტაჟი უწოდა მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის შეშფოთებას და მოქალაქეებს, ასევე, ბიზნესმენებს მოუწოდა, დაეყრდნონ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელსაც საქართველოს მთავრობა გასცემს.
"შეიძლება დავასკვნათ, რომ აქ სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. ეს არის ემოციური, ფსიქოლოგიური ფაქტორი. მე მინდა მოსახლეობას მივმართო, ამ ფსიქოლოგიურ, ემოციურ აჟიოტაჟს არ აყვნენ. მთავარია, ჩვენ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჩვენს ეკონომიკაში, მაკროეკონომიკაში, არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება.
პირიქით, როგორც ჩვენ მოვისმინიეთ ბატონი გიორგი კვირიკაშვიისგან, ეს ეტაპი გადავიარეთ უკვე. ინფლაცია გვაქვს დადგენილი პარამეტრების მიხედვით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
განსაკუთრებით ნუ აყვებიან ჩვენი მოქალაქეები და ბიზნესმენები მედიასაშუალებების მიერ შექმნილ ქაოსს და აჟიოტაჟს, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების და ექსპერტების გამონათქვამებს და განცხადებებს. ოფიციალური ინფორმაცია მომდინარეობს მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან და გთხოვთ, დაეყრდენით ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
ნუ აყვებით, გაუგებარ, უპასუხისმგებლო ექსპერტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველაფრის ექსპერტები არიან. ექსპერტები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ აცხადებდნენ, რომ თითქოს უსაფრთხოების დარგის სპეციალისტები არიან, დღეს ამბობენ, რომ ლარი გაუფასურდება. ეს არასერიოზული და უპასუხისმგებლო განცხადებებია, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მოსახლეობას, რათა მათ ზუსტი ინფორმაცია მიიღონ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.