-
2014-02-11 11:40
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვლადიმერ პუტინის განცხადებას, გიორგი მარგველაშვილთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით ეხმაურება.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას კალაძემ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადება საინტერესოა. საქართველომ კი უნდა დაიწყოს დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან:
„პუტინის განცხადებას რაც შეეხება, ძალიან საინტერესო განცხადება გაკეთდა მისი მხრიდან, ჩვენი მთავრობის ხედვა არის ის, რომ შედგეს დიალოგი, ჩვენ უარი ვთქვით პოპულისტურ პოლიტიკურ დემარშებზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარალელურად იმისა, რომ ჩვენ მივისწრაფვით ევროპისკენ, მნიშვნელოვანია დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან, ამისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ შეიცვალოს ის დამოკიდებულება რაც წლების განმავლობაში იყო, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებით წარმატებას მივაღწევთ.
რაც შეეხება შეხვედრას, ვფიქრობ შეხვედრა უნდა შედგეს არა მარტო პრეზიდენტთან, არამედ პრემიერ-მინისტრთანაც, მაგრამ ამისთვის აუციელებელია დიალოგის დაწყება“, - განაცხადა კალაძემ.