
"თუ არა ჩემი ახირება, არც ერთი ინვესტორი ამ პროექტს არ განახორციელებდა", - ეს განცხადება "პანორამა თბილისის" შესახებ ყოფილმა პრემიერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა "გურიანიუსთან" საუბარში გააკეთა.
მისი თქმით, ადამიანები, ვინც გამოდიან და ამბობენ, რომ "პანორამა თბილისი" მისი ახირებაა და დედაქალაქის იერსახეს ამახინჯებს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული "ენჯეოები" არიან, თუმცა, მათ შორის, ისეთებიც არიან, ვისაც გულწრფელად არ მოსწონს: "ეს მათი უფლებაა", აბობს ივანიშვილი და "პანორამა თბილისის" პროექტს უნიკალურს უწოდებს:
"არადა, უნიკალური პროექტია. არა იმით, რომ მე რაღაცა მოვიხვეჭო - იქ იმდენი ექსკლუზივი და იმდენად ძვირი რამე კეთდება, რომ მაგ პროექტიდან ფული შეიძლება, ვერასდროს დაიბრუნო და რენტაბელურიც ვერ გახდეს. ექსკლუზიურ ნაწილს პირადად მე ვაფინანსებ და არა პარტნიორები", - ამბობს ექსპრემიერი.
"ძირითადი მასა „ნაციონალებისგანაა“ მართული. ეს ქვეყნის მტრობაა და მათი სურვილია, რომ ეს არ აშენდეს. საყდრისზეც იგივე პრობლემაა. მათ სურვილი აქვთ რომ, როგორმე გაჩერდეს ეკონომიკა და სწორედ, ამას ერჩიან. ალეკო ელისაშვილი ამაზე გადიოდა და როცა დავულაგე, რაზე ცრუობდა, რა იყო არასწორი, გაჩერდა. ფილმიც დავდეთ ამაზე და ნახეთ „ჯიდიესში“.