
ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში გამართულ თათბირზე, სადაც რამდენიმე შიდა სამსახურის გაუქმების შესახებ გამოცხადდა, მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქში არსებულ კორუფციულ მდგომარეობას შეეხო.
„თქვენ გაგივლიათ ოდესის და ოდესის შემოგარენის გზებზე? გაგივლიათ, ამ გზებზე დადიხართ და მე მეუბნებით, რომ აქ არ იპარავენ? არ გრცხვენიათ? ნუთუ ისეთ გულუბრყვილოს ვგავარ, რომლის მოტყუება იმ პატარ-პატარა „ლატკებით“ შეიძლება, ჩემი ჩასვლის წინ რომ დააგებენ ხოლმე გზებზე, იმპერატრიცა ეკატერინასა და მისი ფავორიტი პოტიომკინის ისტორიისა არ იყოს?“, - იკითხა მიხეილ სააკაშვილმა.
გააუქმა რა შიდა აუდიტი და სხვა სამსახურები, სააკაშვილმა იქვე მოუწოდა ოდესელებს და ოდესის ოლქში შემავალი ქალაქების მცხოვრებლებს, დაასახელონ ნდობით აღჭურვილი პირები, რომელთა შორის იქნებიან კვალიფიციური იურისტები, ბუღალტრები და აუდიტორები - სწორედ მათ აღჭურვას აპირებს სააკაშვილი საგანგებო უფლებებით, რაც ნებისმიერ სახემწიფო ორგანოში, ნებისმიერ დოკუმენტაციაზე წვდომას, ასევე, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის კონტროლს გულისხმობს:
„ხალხი მხოლოდ იმისთვის კი არ არის საჭირო, რომ ოთხ წელიწადში ერთხელ მაიდანზე შემოგვირბინონ, ხალხს კონტროლიც შეუძლია და მას კონტროლის საშუალება უნდა მივცეთ. მე ვიზრუნებ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ სამუშაო პირობები, დაფინანსდნენ დამოუკიდებელი ფონდებიდან, შეუძლიათ ისხდნენ ამ ან ნებისმიერ სხვა შენობაში და მიხედონ სახელმწიფო ორგანოების კონტროლს, ანუ გააკეთონ ის, რაც თქვენ არ გააკეთეთ“, - მიმართა გუბერნატორმა უკვე გაუქმებული სამსახურების ხელმძღვანელებს.