-
2015-07-04 06:47
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადმინისტრაციაში თათბირი ჩაატარა, თათბირის ბოლოს კი რამდენიმე სამსახურის სრული ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.
ლიკვიდაცია შეეხო საოლქო ადმინისტრაციის შიდა სამსახურებს, მათ შორის შიდა აუდიტსა და რაიონული ადმინისტრაციის მაკონტროლებელ სამსახურებს, რომლებსაც კორუფციული გამოვლინებების წინააღმდეგ ბრძოლა ევალებათ.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით გამოთავისუფლდება ბიუჯეტის ფული, რომელიც არამიზნობრივად იხარჯება, რადგან ეს სამსახურები არაფერს აკეთებენ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.
სააკაშვილი ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც სამსახურის ხელმძღვანელებს პირდაპირ თათბირზევე მოსთხოვა შესრულებული სამუშაოების ანგარიში, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ იყო გამოვლენილი სერიოზული კორუფციის არცერთი შემთხვევა და არ იყო აღძრული საქმე არცერთი ჩინოვნიკის წინააღმდეგ.
მან ერთი კონკრეტული ზღვისპირა დასახლების მაგალითზე განიხილა, რამდენად ფესვგადგმულია კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურებში:
„იქ პირდაპირ სანაპიროსთან პროკურორი აშენებს ვილას, იქ მერის მეგობარმა ტუალეტის პრივატეზება მოახდინა და მიაყოლა 70 ჰექტარი სანაპიროს მიწაც და აშენებს შენობას, რომლის მასშტაბები არ შეესაბამება ტუალეტისას... და ეს ხდება ყველას თვალწინ...
ეს ხდება იმ პირობებში, რომლებიც ყველასთვის კარგადაა ცნობილი: დაიბადები? ქრთამი გჭირდება რეგისტრაციისთვის; საბავშვო ბაღში წახვალ და იქაც ქრთამია საჭირო, რომ კარგ ბაღში მოხვდე, იმის მიუხედავად, რომ იმ ბაღშიც იხდი; სკოლაში შესვლისთვის ისევ ქრთამი გჭირდება; დაამთავრებ სკოლას? ქრთამია საჭირო, რომ ატესტატი მოგცენ; არ გინდა ისწავლო და მუშაობა გინდა, ვთქვათ, მოსავლის აღება და გადაზიდვა? იქაც ქრთამს გართმევენ „გაიშნიკები“, რომლებსაც ჯოხები წაართვეს, მაგრამ ახლა ხელით აჩერებენ ტრაილერებს... სიკვდილს აპირებ? ისევ ქრთამი გჭირდება, რომ კარგ ადგილას დაგასაფლავონ...“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.