
თენგიზ პაჭკორია სოხუმელია. ის გამოცდილი ჟურნალისტია და ომის სიმძაფრე საკუთარ თავზე აქვს გადატანილი: სოხუმის დაბომბვის დროს მამა დაეღუპა, თვითონ კი კონტუზია მიიღო.
როცა თენგიზ პაჭკორია თბილისი–სოჭის პირველი ავიარეისით რუსული ოლიმპიადის ქალაქში ჩაფრინდა და რუს ჟურნალისტებს ინტერვიუები ჩამოურიგა, ამან სოციალური ქსელების ქართველ მომხმარებლებში პროტესტის გრძნობა გამოიწვია: ვინც თენგიზს არ იცნობდა, აკრიტიკებდა, ვინც იცნობდა – ისიც გაოცებული იყო.
მაგრამ მალე გაირკვა, რომ თენგიზ პაჭკორია ქართული სიტყვის თქმას ოლიმპიადის გახსნაზე სხვაგვარად გეგმავდა: ის სტადიონზე სპეციალურ ტანსაცმელში (წარწერით „სოხუმი“) მივიდა, ხოლო საქართველოს დელეგაციის გამოსვლის დროს და შემდეგაც, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, პრესლოჟაში მყოფი ჟურნალისტი მაღლა აღმართული პლაკატით იდგა, რომელზეც „სოხუმი, საქართველო“ ინგლისურად იყო წარწერილი, ხოლო მარჯვენა და მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო დროშა ეხატა.
თენგიზს მრავალმა ჟურნალისტმა გადაუღო, გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ კი მასთან უამრავი ჟურნალისტი მივიდა და გაესაუბრა. თენგიზ პაჭკორიას ჟესტი, რასაკვირველია, ვერც ერთი რუსული სახელმწიფო ან სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ტელევიზიის ეთერში ვერ მოხვდა – რუსი რეჟისორები ოლიმპიადის მეოთხე, ვერგანათებული რგოლის მონტაჟით იყვნენ გატაცებული: მათ პირდაპირ ეთერში რეპეტიციის კადრი ჩასვეს და კურიოზი გადაფარეს, ანუ, მაყურებელი მოატყუეს, ხოლო ის, რაც რეალურად ხდებოდა ან მოედანზე, ან ტრიბუნებზე – „გამორჩათ“.
თენგიზ პაჭკორიას მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის ქართულ სიტყვას საქართველოს ფარგლებს გარეთ ამგვარად ამბობს: ის ევრობასკეტზეც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობდა, იგივე პლაკატით. იგივე პლაკატი ეჭირა იურმალაშიც, როცა ქართველი შემსრულებელი მღეროდა – ეს კადრი ტელევიზიითაც გამოჩნდა.
თენგიზ პაჭკორიასთან გასაუბრება „მსოფლიო სპორტმა“ მოახერხა. გთავაზობთ ჟურნალისთთან ინტერვიუს ფრაგმენტს:
პრეს-ლოჟაში გერმანელ, რუს, იაპონელ, უკრაინელ და მოლდოველ ჟურნალისტებთან ერთად ვიჯექი. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია კოლეგებზე და ვისაუბრეთ სპორტზე. მათ შეამჩნიეს, რომ საქართველოს დროშასთან ერთად მქონდა პლაკატი წარწერით “Georgia, Sokhumi”. ზოგიერთი კოლეგა მიმიხვდა ჩანაფიქრს - ეს პლაკატი ჩვენი სპორტული დელეგაციის სტადიონზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე რომ უნდა ამეწია.
კოლეგებმა გამაფრთხილეს: “მოემზადე, მალე საქართველოს დელეგაცია გამოვა”. პლაკატი “Georgia, Sokhumi“ 5 წუთის განმავლობაში მქონდა აღმართული – ვიდეოოპერატორები და ფოტოკორესპონდენტები მთხოვდნენ, პლაკატთან ერთად სხვადასხვა მხარეს შევტრიალებულიყავი რათა უკეთ გადაეღოთ ეს ეპიზოდი.
ეს ყველაფერი პრეს-ლოჟის იმ ნაწილში ხდებოდა, რომელიც საპატიო სტუმრების ლოჟის გვერდით და VIP-ლოჟის ქვემოთ იყო. საპატიო სტუმრების ლოჟიდან გავიგონე მისასალმებელი შეძახილები: "ბიჭო! გრუზია!”.
ვხედავდი, რომ სტადიონზე მიმავალმა ჩვენი სპორტული დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმაც დაინახა ეს პლაკატი პრეს-ლოჟის ტრიბუნაზე და ხელით მომესალმა, წინასწარ არ მითქვამს, ეს პლაკატი სოჭში რომ მომქონდა და ამიტომ მათთვის ეს ამბავი მოულოდნელი იყო.
იქვე პრეს-ლოჟაში რამდენიმე ჩემმა კოლეგამ კომენტარი მთხოვა "Georgia, Sokhumi" წარწერის შესახებ. მე მათ ჩემი პოზიცია ვუთხარი: “საქართველო ჩემი ქვეყანაა, სოხუმი კი – ჩემი მშობლიური ქალაქი. მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება და ეს მშვიდობიანად, ყველა მხარის თანხმობისა და კომპრომისის შედეგად მოხდება - მეთქი”.
ზოგიერთ ჩემს კოლეგას თურმე ვუნახივარ ამ პლაკატით ევრობასკეტზე სლოვენიაში 2013 წლის სექტემბერში და ლატვიაში იურმალაში 2013 წლის ივლისში.
გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ ჩემთან მოვიდნენ რუსეთის, უკრაინის, ჩეხეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის და სხვა ქვეყნების რიგი ტელეარხების, ფოტოსააგენტოების და სპორტული გამოცემების წარმომადგენლები და ინტერვიუ მთხოვეს ქართველი სპორტსმენების სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობის თაობაზე. იმის შესახებ, თუ რა უსწრებდა წინ ამ გადაწყვეტილებას თვით საქართველოში – ვინ უჭერდა მხარს მათ მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაზე და ვინ იყო წინააღმდეგი. ამავე დროს მისვამდნენ წმინდა პოლიტიკურ კითხევბს.
ამაზე მე მათ ვუპასუხე: “პოლიტიკურ კითხვებზე მხოლოდ პირდაპირ ეთერში გიპასუხებთ, რათა ჩემი სიტყვები თვითნებურად არ დაამონტაჟონ, ამოჭრან და ა.შ.”კოლეგები გაგებით მოეკიდნენ ჩემს სიტყვებს“.
მოამზადა ლაშა ბერულავამ. გამოყენებულია "მსოფლიო სპორტის" ინტერვიუს ფრაგმენტი