-
2014-02-08 22:28
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ პენიტენციურ სისტემაში არსებობს პატიმრებზე ფიზიკური ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტები.
კაკაბაძის განცხადებით, ერთი კვირის წინ 10 წლის ბავშვი მამის სანახავად გეგუთის კოლონიაში იყო შესული, ბავშვი კი გააშიშვლეს და ბუქნებს აკეთებინებდნენ. ამის თაობაზე უფლებადამცველმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
„პენიტენციურ სისტემაში იცვლება მოპყრობის წესი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა ფაქტიურად, აღარ ხდებოდა, მაგრამ ახლა გამოჩნდა ისეთი ფაქტები, როდესაც პატიმრებს სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ. არა მარტო პატიმრები, მათი ოჯახის წევრებიც ექვემდებარებიან ღირსების შემლახავ მოპყრობას.
გეგუთში ერთი კვირის წინ 10 წლის ბავშვი იყო მამის სანახავად შესული ოჯახთან ერთად. ბავშვი გააშიშვლეს და ბუქნებს აკეთებინებდნენ იმისთვის, რომ შემოწმებულიყო, ჰქონდა თუ არა მას ნარკოტიკი ორგანიზმში. ამან ბავშვის დიდი სტრესი გამოიწვია“, - აცხადებს კაკაბაძე.
მისივე თქმით, ადმინისტრაცია პატიმრებს ძველი რეჟიმის დაბრუნებით ემუქრება:
„ადმინისტრაცია პატიმრებს ძველი რეჟიმის დაბრუნებით ემუქრება. გადაჰყავთ ადამიანები ნარკოლოგიურში თითქოს ისინი იმყოფებიან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
მაგალითად, 2 დღის წინ პატიმრები: გოგიშვილი მამუკა, კომახიძე ალეკო, ლაბაძე კობა, ჩიხლაძე გია, პეტრიაშვილი მამუკა, კაპანაძე მანუჩარი - ეს ადამიანები გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, მათ არანაირი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმდება არ აღმოაჩნდათ.
ასევე უტარებენ ჩხრეკვებს და რამდენიმე საათის მერე მოაქვთ ოქმები და პატიმრებს მათზე ხელს აწერინებენ, თითქოს ესა თუ ეს ნივთი მათ საკნებში აღმოაჩინეს. პატიმრები ფიქრობენ, რომ რაღაც ცუდს ამზადებენ, ან ბრალის დამძიმება უნდათ.
ისინი სრულიად დაუცველები არიან. არის დეფიციტი მედიკამენტებთან დაკავშირებით. კუჭი გტკივა, გული გტკვა თუ ღვიძლი გტკივა არის პრეპარატი ანალგინი და ისიც განსაზღვრული რაოდენობით“, - აღნიშნავს კაკაბაძე.