
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოპულარულია ბექა კოკაიას მიერ 2013 წლის ოქტომბერში დაწერილი ჩანახატი, რომელიც ოლიმპიადის საზეიმო ცერემონიალის ისეთ ვარიანტს აღწერს, როგორადაც მის ხილვას ისურვებდა საქართველოს საზოგადოების ბოიკოტის მომხრე ნაწილი.
„აფხაზეთის ხმა“ ბექა კოკაიას ჩანახატს უცვლელად გთავაზობთ:
„2014 წლის 7 თებერვალი. სოჭი. ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონია. საპატიო ლოაჟაში მოკალათებული ვლადიმირ პუტინი, დიმიტრი მედვედევი და სხვა, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის არაერთი მაღალჩინოსანი კმაყოფილი სახით უყურებენ მონაწილე ქვეყნების სპორტსმენებსა და დელეგაციის წევრებს.
სპცეფექტები ლამაზია. მაყურებლების ყიჟინასა და დროშების ფრიალს მიაქვს იქაურობა. ქართული საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, საქართველოს დელეგაციამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება და წავიდა სოჭში. ქვეყნები ანბანის მიხედვით გამოდიან და აფრიალებენ დროშებს.
G ასოც მოვიდა. გერმანიის შემდეგ გამოსასვლელად ქართული დელეგაცია მოემზადა. გამოვიდნენ ქართველები საპატიო წრეზე, აფრიალებენ სპორტსმენები ხუთჯვრიან დროშას. პუტინმა და მედვედევმა კმაყოფილი სახეებით გადახედეს ერთმანეთს.
მოულოდნელად ქართველები ჩერდებიან, ჯიბიდან ყველა თეთრ ნაჭერს იღებს და ძირს შლის. ფაზლივით აწყობენ რაღაცას, დიდს. ზედ, თითქოს, რაღაც წერია.
სპორტსმენები რამდენიმე წამში ამთავრებენ ყველაფერს. უკვე წარწერა იკითხება:
RUSSIA IS OCCUPANT!
ქართველები ნახვარწრეზე დგებიან და დემონსტრაციულად აქცევენ ზურგს იმ ტრიბუნას, სადაც რუსი მაღალჩინოსნები სხედან.
ვიდეოოპერატორებისა და ფოტორეპორტიორების ნახევარი კამერებით ქართველებს მიშტერებია, მეორე ნახევარი კი გაფაციცებით ეძებს ლოჟაში პუტინის და მედვედევის შეშლილ სახეებს...
ეს ამბავი მთელი ოლიმპიადის განმავლობაში მსოფლიო ტელევიზიების მთავარი ამბავი ხდება...“.