
ტელეკომპანია „იმედზე“, თოქშოუში „რეაქცია“ გოგა ხაჩიძემ განაცხადა, რომ უსაფუძვლო იყო მოლოდინი, თითქოს ვლადიმირ პუტინს ჩვენი დელეგაციის დანახვაზე გული აუჩუყდებოდა, ხოლო სოჭში გამგზავრების ფაქტს „წაწოლა“ უწოდა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა განაცხადა, რომ საქართველოს შეეძლო, ბევრად უფრო მკაფიოდ დაეცვა თავისი პოზიცია. გოგა ხაჩიძემ რუკაზე ღრუბლებით დაფარული აფხაზეთიც გაიხსენა და დევნილებს მიმართა: „როგორი სანახავი იყო ღრუბლებით დაფარული აფხაზეთი?“
დეპუტატმა ნახევრად ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებას სოჭში გამგზავრების სურვილი უნდა გამოეთქვა: „ჩვენ უნდა გვეთქვა, რომ სოჭში მივდიოდით და „ოცნება“ ხომ ყველაფერს უკუღმა აკეთებს – არ წავიდოდნენ“, – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ დასვა საკითხი იმის თაობაზე, თუ სად იყვნენ 2008 წლის აგვისტოში ისინი, ვინც ახლა ბევრს საუბრობენ და ამ კონტექსტში გოგა ხაჩიძეც ახსენა, „მე რეპორტიორის“ დამფუძნებელმა ნინო ჭელიძემ „ფეისბუქში“ ატვირთა ფოტო, რომელიც, მისი თქმით, 2008 წელსაა გადაღებული და ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ნინო ჭელიძემ დაწერა:
„გოგა ხაჩიძე ის ადამიანია, რომელიც დღესაც არ სპეკულირებს იმით თუ რას აკეთებდა 2008 წლის ომის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი მეგობარია ამ თემასთან დაკავშირებით მე მან ინტერვიუზე უარი მითხრა თავის დროზე.
მაშინ როცა მინისტრი იყო და არ შევეშვი და ჩავეკითხე ამ თემაზე მაინც არ მესაუბრა. მხოლოდ მის მეგობრებისგან ვიცი, რომ როცა ზოგი წითელ ხიდისკენ და ზოგი საით გარბოდა იმ დღეს გოგა ხაჩიძე დროშით იდგა რუსთაველზე. ომის დროს გოგა ხაჩიძეს რეზერვიტები გამოყავდა.
და აი, ეს ფოტო რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ მისი გადაღებულია 2008 წლის ომის დროს. პოზიციების დაკარგივსას გოგამ ეს დროშა ჩამოხსნა, რუსებს რომ არ გაეთელათ და შეინახა. ხოლო ეს ადგილი, რომელიც ფოტოზე ჩანს, დღეს ოკუპირებულია“.