
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი სოჭში აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა და ისინი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ერთად ადევნებდნენ თვალს.
ამის შესახებ თიბილოვის პრესსამსახურის უფროსმა განა იანევსკაიამ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრის დროს თიბილოვმა და ანქვაბმა სხვადასხვა საკითხები განიხილეს.
საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ ლეონიდ თიბილოვი რუსეთის დუმის დსთ–ს საკითხებისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს ლეონიდ სლუცკის შეხვდა. მათ რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ ლეონიდ სლუცკი მონაწილეობდა უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიუნჰენში, სადაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლა მიუნჰენის კონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობებისა და ზოგი ევროპული გამოცემის მიერ შეფასდა, როგორც სუსტი და არაპრინციპული.