
სასჯელაღსრულების ქსნის დაწესებულებაში არსებული სიტუაცია იქაურ ექიმებს უკვე იმდენად აუტანლად ეჩვენებათ, რომ უმრავლესობა სამსახურიდან წასვლაზეც ფიქრობს – ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
„აფხაზეთის ხმის“ რესპოდენტი, რომელიც ქსანში ექიმად მომუშავე პირის ოჯახის წევრია, ამბობს, რომ კოლონიის პატიმრები ძალიან ხშირად თვითნებობენ და განსაკუთრებით აგრესიულად ექცევიან ექიმებს:
„დაახლოებით ათი დღის წინ ერთერთი პატიმარი, რომელსაც მძიმე ინფექციური დაავადება აქვს, ერთჯერად შპრიცში ამოღებული საკუთარი სისხლით გამოეკიდა ექიმს, მკლავზე ჩხვლეტას უპირებდა და ერთ ფეხზე გამოასწრო საწყალმა“, – ამბობს „აფხაზეთის ხმის“ წყარო.
მისივე თქმით, ასეთი მოპყრობა იმის ბრალია, რომ „სამედიცინო პერსონალი დაბალ ღობედაა მიჩნეული და ადმინისტრაცია მიზანმიმართულად ავრცელებს ხმებს, თითქოს პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს ექიმებს ვერ პოულობენ ან სხვა მსგავსი, არადა, თავად არ ეუბნებიან ექიმებს ან ეუბნებიან მაშინ, როცა უკვე გვიანია“.
მისი თქმით, ზემოტაღწერილი ინციდენტის შემდეგ კოლონიის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ექიმებისთვის უსაფრთხოების დამატებითი ზომები უზრუნველეყო და ამ მიზნით ისინი სპეციალური, სქელი ტანსაცმლით აღჭურვა, ხოლო უშუალოდ მსჯავრდებულებთან კონტაქტისას ექიმს დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი ახლავს თან.
„აფხაზეთის ხმის“ რესპოდენტი იმასაც ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში არაა გამორიცხული, ექიმები გაიფიცონ. ამის მიზეზი, სავარაუდო დასკვნა იქნება, რომელსაც, რესპოდენტის თქმით, ერთერთი პატიმრის გარდაცვალების შემდეგ ამზადებენ:
„როგორც მითხრეს, შესაძლოა, დაიდოს დასკვნა, რომ პატიმრის გარდაცვალება ექიმის უყურადღებობის ან იმის ბრალი იყო, რომ მსჯავრდებული დახმარებას ითხოვდა, ხოლო მედპერსონალი ყურადღებას არ აქცევდა. სინამდვილეში ექიმები არაფერ შუაში არიან და ეს კარგად იცის სოზარ სუბარმაც, მაგრამ სწორედ ექიმებს უნდა შეაწმინდოს ხელი, რომ პატიმარზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტი მიიჩქმალოს“, – ამბობს „აფხაზეთის ხმის“ რესპოდენტი.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით "აფხაზეთის ხმა" სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. თაია მახარაშვილმა "აფხაზეთის ხმას" უთხრა, რომ აღწერილი ამბის გადასამოწმებლად (შპრიციან პატიმარსა და ექიმს შორის მოხდარი ინციდენტი) იმაზე მეტი დეტალი სჭირდება, რაც ვაცნობეთ, მაგალითად, პატიმრის ან ექიმის ვინაობა.
რესპოდენტის სურვილის გათვალისწინებით "აფხაზეთის ხმამ" ექიმის ვინაობა არ დაასახელა, მაგრამ პრესსამსახურის წარმომადგენელს სთხოვა, გადაემოწმებინა, მოხდა თუ არა რაიმე კონფლიქტი ქსნის კოლონიაში პატიმარსა და მედპერსონალს შორის ბოლო ათი დღის განმავლობაში: "მე ამგვარი რამ ნამდვილად არ მსმენია. მაგრამ თუ დამატებით დეტალებს შევიტყობ, მზად ვარ ამის მიხედვით გადავამოწმო და შემდეგ გაცნობოთ", – უთხრა თაია მახარაშვილმა "აფხაზეთის ხმას".
ანანო კვაჭანტირაძე