
livepress.ge–მ მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ 4 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა არასწორი ინფორმაცია გააჟღერა, როცა „იმედის“ ჟურნალისტმა მას შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა.
„საავადმყოფოს პროექტირება მიმდინარეობს და ძალიან სერიოზული მუშაობაა დაწყებული ამ მიმართულებით. გადაამოწმეთ ეს სერგეენკოსთან. ჩემს დროს პროექტირების ეტაპი უკვე სრულდებოდა...“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ გურამ როგავას პასუხად, როცა მან შეახსენა, რომ სხვა შეუსრულებელ დაპირებებს შორისაა ზუგდიდში სამედიცინო ცენტრისა და სასწავლებლის მშენებლობა.
ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილს პარლამენტის არჩევნებამდე, 2012 წლის 22 სექტემბერს ზუგდიდში ნათქვამი სიტყვები შეახსენა, რომელიც მან კოალიცია „ქართული ოცნების“ მანიფესტაციაზე მისულ მოქალაქეებს განუცხადა:
„სამეგრელოდანაა სწორედ არაერთი სახელგანთქმული ექიმი. მე ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს და ამ კუთხის შვილებს კვლავ მივცეთ უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების საშუალება, ოღონდ ზუგდიდში. სწორედ ზუგდიდში შეიქმნება საერთაშორისო, კავაკასიის რეგიონისთვის განკუთვნილი სამედიცინო ცენტრი და სასწავლებელი.
მისი აშენება გვინდა რომ 2013 წლიდან დავიწყოთ და აუცილებლად დავიწყებთ კიდეც. მთავარი კი ისაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მკურნალობა და სწავლა სრულიად უფასო იქნება და ასევე, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც“, - განაცხადა ივანიშვილმა ზუგდიდში გამართულ მანიფესტაციაზე.
დაპირებიდან ერთ წელზე მეტი შესრულდა, საავადმყოფოს მშენებლობა კი დაწყებული არ არის. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ შერჩეულია სხვადასხვა ადგილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თამარ ბოდოკიამ დღეს, 4 თებერვალს „ლაივპრესს“ უთხრა, რომ საავადმყოფოს პროექტირება მიმდინარეობს, ტერიტორია კი ჯერ არ არის შერჩეული. ამასთან, ბოდოკიამ განმარტა, რომ შესაძლოა საავადმყოფოსთან დაკავშირებით კიდევ იყოს სიახლეები, რაზეც მას ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვს.
სხვათა შორის, იგივე დაპირება ბიძინა ივანიშვილს „ლაივპრესმა“ 2013 წლის 14 მარტს, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ პრესკონფერენციაზე შეახსენა. მაშინ ივანიშვილმა განაცხადა: „რაც ვთქვით, გავაკეთებთ და იმაზე მეტსაც სამეგრელოში. დრო არ არის ჯერ კიდევ იმდენი გასული, რომ საყვედურად მივიღო, მაგრამ შეხსენებად ჩავთვლი ამას“.