-
2015-02-13 23:43
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი გახდა.
პოროშენკომ კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველია, სხვა ბრძანებით კი შეიქმნა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელსაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი, უკვე ოფიციალური სტატუსით, უხელმძღვანელებს.
საბჭო არის საკონსულტაციო ორგანო, რომლის მიზანი უკრაინაში რეფორმების განხორციელების მიმართულებით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებაა. საბჭო მოიწვევს უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც იმუშავებენ უკრაინის კანონმდებლობის რეფორმირებისათვის და ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ დიდხანს ვიფიქრეთ, როგორ გამოგვეყენებინა მიხეილ სააკაშვილის ცოდნა, გამოცდილება და უნიკალური ნოუ-ჰაუ. საქართველოში მან მოახერხა ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს რეფორმირება. ის გზა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ შარშან ღირსების რევოლუციით, ჩვენმა მეზობლებმა გაიარეს და გამოსცადეს. და ისინი მზად არიან, ეს გამოცდილება ჩვენ გაგვიზიარონ.
ამ დრომდე მიხეილი, ასე ვთქვათ, რეფორმების საკითხში ჩემი შტატგარეშე მრჩეველი იყო. და დღეს, როგორც იქნა, მან ოფიციალური სტატუსი მიიღო“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.